
სექსუალური უმცირესობების საკითხზე დასმულ კითხვას პრეზიდენტობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი მარგველაშვილი ასე პასუხობს:
“დემოკრატიული სახელმწიფოს მიზანია ნებისმიერი ადამიანის უფლების დაცვა. განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი უმცირესობათა უფლებებს. თანამედროვე დემოკრატია ნიშნავს უმრავლესობის მმართველობას და, ამავე დროს, უმცირესობის უფლებათა დაცვას. დიდი ყურადღება და ძალისხმევაა საჭირო, რომ უმრავლესობის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ ზღუდავდეს უმცირესობის უფლებებს. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ამა თუ იმ ნიშნით ადამიანთა დევნა, შევიწროება და დისკრიმინაცია. ამასთანავე, იგი უნდა ქმნიდეს და იცავდეს ადამიანთა სრულფასოვანი, შემოქმედებითი თვითრეალიზაციის პირობებს”, – აცხადებს მარგველაშვილი.
“ლეიბორისტების” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით კი, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლები საქართველოში ყოველთვის უპრობლემოდ მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში: “ თუმცა არ მიმაჩნია სწორად სექსუალური ორიენტაციის ქუჩაში დემონსტრირება, ისევე როგორც წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობის”, – ამბობს იგი.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, “არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის” ადამიანები საქართველოში კონსტიტუციით გარანტირებული ისეთივე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ და ისეთივე მოვალეობები უნდა გააჩნდეთ, როგორც “ტრადიციული ორიენტაციის მოქალაქეებს”.
“საქართველოში ეს ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება. საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დამცველი და გარანტი”, – ასეთია ბურჯანაძის პოზიცია.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, პირადი ცხოვრება ხელშეუვალია, შესაბამისად, შეუძლებელია სახელმწიფო ერეოდეს კონკრეტული ადამიანების

სექსუალური ორიენტაციის დადგენასა და მათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაში:
“თუმცა, თუ თანასწორუფლებიანობაში იგულისხმება ისეთი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, როგორიცაა ქორწინება და შედეგად ერთსქესიანთა წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანა, ბენებრივია, ეს სრულიად მიუღებელია. პირიქით, შეთავაზებულია საკონსტიტუციო შესწორების პროექტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო აღიარებს და იცავს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინებას. კონსტიტუციის დღევანდელ რედაქციაში ქორწინების მხარეები არ არის განსაზღვრული და საუბარი მხოლოდ მათ უფლებრივ თანასწორობას ეხება. შესაბამისად, მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, სამოქალაქო კოდექსი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ნებისმიერ პირს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში აქვს გამარჯვების მაღალი შანსი. ასე რომ, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება შეიძლება დაკანონდეს არა რომელიმე საკანონმდებლო აქტის მიღებით, არამედ არსებული ნორმის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებით. შემოთავაზებული რედაქცია კი იმეორებს იმ საკონსტიტუციო ნორმის რედაქციას, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების- ლიტვის, ლატვიისა და უნგრეთის კონსტიტუციებშია დაფიქსირებული”, – აცხადებს თარგამაძე.
პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი კი აცხადებს, რომ საქართველო არის ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი და შესაბამისი წესებით ცხოვრობს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სიცოცხლის ხელშეუხებლობა, საკუთრების უფლება, ოჯახის ინსტიტუტი, პიროვნული და ეროვნული ღირსება. მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანი თავს საზოგადოების ღირსეულ წევრად უნდა გრძნობდეს და ამა თუ იმ ნიშნით განსხვავებულობა მათზე ძალადობის ან უფლებრივი შეზღუდვის საფუძველი არ უნდა იყოს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ვერავის შევზღუდავთ ეთნიკური კუთვნილების მიხედვით და ვერც “არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას” გამოვაცხადებთ სისხლის სამართლის დანაშაულად. ეს ყველაფერი ადამიანის პირად ცხოვრებას განეკუთვნება და სახლემწიფოსა და პოლიტიკის საქმე არ არის. სახელმწიფოს საქმეა, ერთი მხრივ, უზრუნველყოს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის განმტკიცება, მეორე მხრივ, დააფინანსოს და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულის სწავლებას. აგრეთვე, ერთი მხრივ, ყოველმხრივ განამტკიცოს ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი და, მეორე მხრივ, არ დაუშვას ძალადობა “არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის” ადამიანების მიმართ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს ერთსქესიან ქორწინებას. ვინაიდან ეს წინააღმდეგობაშია ქორწინების ტრადიციულ გაგებასთან. რატომ უნდა შევცვალოთ ქორწინების ცნების შინაარსი? ჩვენ ვიცით, რომ ქორწინება გულისხმობს ქალის და მამაკაცის კავშირს. ერთსქესიანი ქორწინების დროს ეს ნიშნავს ორი ნებისმიერი ადამიანის კავშირს. ასეთ შემთხვევაში, მე მაქვს შეკითხვა – რატომ მხოლოდ ორი? მგონი გასაგებია, რომ აბსურდამდე მივდივართ”, – ასეთია პრეზიდენტობის მსურველი ხარატიშვილის მოსაზრება.
მიხეილ–გელა სალუაშვილი, რომელიც პარტია “სამართლიანობის აღდგენის კავშირი, ხმა ერისა – უფალია ჩვენი სიმართლეს” წარმოადგენს, ამბობს:
“საქართველოს ყოველი მოქალაქე, მიუხედავად მისი აფიშირებული თუ დაფარული სექსუალური ორიენტაციისა, თანაბარი უფლებებით უნდა

სარგებლობდეს. ქრისტიანული ზნეობრივ-მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, საჭიროა ვებრძოლოთ ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ცოდვას, და არა ამ ცოდვის ჩამდენ პირს”.
მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი სერგო ჯავახაძე აცხადებს, რომ ქვეყანა უნდა ზრუნავდეს თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის, სექსუალურ უმცირესობათა უფლებებზე, მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციაზე.
ვებ-გვერდზე ჯერჯერობით არ არის განთავსებული “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის პროგრამა. ვებ-გვერდზე prezidenti.ge წარმოდგენილია საპრეზიდენტო კანდიდატთა შეხედულებები საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ასევე, საზოგადოებაში მიმდინარე ეთიკური დებატების შესახებ. პროექტი ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს მიერაა დაფინანსებული და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს მსოფლიოს 27 სახელმწიფოში. NIMD-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა მუშაობს პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალიზაციისა და დემოკრატიზაციის, დემოკრატიის განათლებისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში.







