საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 9 მარტს განცხადებით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას. თავის მიმართვაში ის აცხადებს, რომ თბილისი აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საპასუხოდ თქვა, რომ საქართველოს კონსტრუქციულობის იმედი აქვთ და ელოდებიან შემდგომ ნაბიჯებს ჟენევის დისკუსიების ფარგლებში.
“ევროპული საქართველოს” ლიდერი მიიჩნევს, რომ პრემიერ გიორგი კვრიიკაშვილის განცხადება რუსეთის მიმართ “უპასუხისმგებლო და გულუბრყვილოა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ”.
“რუსეთის ფედერაცია ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ბრჭყალებში ეთანხმება მას, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და მიხედეთ ამ ორმხრივ მიმართულებას იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაცია არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან. ჩაეჭიდნენ ამ უპასუხისმგებლო და ძალიან მავნებლურ განცხადებას, განსაკუთრებით- ე.წ პირდაპირი დიალოგის შესახებ. არანაირ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ, არაფრის შეცვლას, რა თქმა უნდა, არ აპირებენ. პირიქით, უხარიათ, რომ პოლიტიკური ფასი მათ არ ექნებათ ამ ყველაფერში. კვირიკაშვილის მიმართვას ისინი მომავალშიც გამოიყენებენ ციტირებისას, რომ საქართველომ რაც თქვა, გააკეთოს, ანუ უარი თქვას იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი ამ საზარელ მკვლელობებზე და ჩვენ ორმხრივი ე.წ დიალოგები ვაწარმოოთ სოხუმთან და ცხინვალთან,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ. მის განცხადებას “ევროპული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.