ირაკლი სესიაშვილი შს სამინისტროს საქმის გამოძიებას ულოცავს და ამბობს, რომ სახელმწიფო მეტ პრევენციულ ღონისძიებას გაატარებს:
“მე მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ეს ერთ-ერთი ურთულესი საქმე იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მთელი რიგი საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ ჩართული ამ საქმის გამოძიებაში და მართლაც შს სამინისტროს ორგანოების სპეციალისტებმა გამოავლინეს საუკეთესო უნარ-ჩვევები და გახსნეს ეს საქმე. მე მათ ვულოცავ. არ გეგონოთ, რომ ეს არის მარტივი საქმე და მეტსაც გეტყვით, ამ გახსნით ჩვენ ერთგვარად მთელ საერთაშორისო საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებსაც ბოროტი ზრახვები გააჩნიათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ ჩვენ მსგავსი საქმის გახსნა შეგვიძლია და უფრო მეტ პრევენციულ ღონისძიებებსაც განვახორციელებთ.”
მისივე განმარტებით, პარლამენტში კიბერ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონპროექტიცაა შესული:
“თქვენ იცით, რომ კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მთელ რიგ ღონისძიებებს ვგეგმავთ. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც არის შემოსული, ამიტომ კიდევ ერთხელ ვულოცავ შს სამინისტროს ამ საქმის გახსნას და მათ, ვინც ასეთი დიდი დანაშაული ჩაიდინეს, ან მომავალში შეიძლება ასეთი ბოროტი ზრახვა ჰქონდეთ, ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ შევძლებთ ყველა ასეთი დანაშაულის აღკვეთას.”
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების საქმეზე გამოვლენილია პირი, რომელმაც ეს ვიდეომასალა გაავრცელა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ეს არის 24 წლის სამარ ჩოკუტაევი, ყირგიზეთის მოქალაქე, რომელიც სოხუმში, მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



