ახალი ამბები

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირებისთვის სამთავრობო კომისია იმუშავებს

2 ოქტომბერი, 2013 •
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირებისთვის სამთავრობო კომისია იმუშავებს

 

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისთვის დროებითი სამთავრობო კომისია იმუშავებს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კომისიის შექმნა მთვარობის 1 ოქტომბრის სხდომაზე გადაწყდა. კომისიაში რამდენიმე უწყება იქნება ჩართული და მის მუშაობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უხელმძღვანელებენ.

 

„მთავრობის სხდომაზე გადაწყდა კომისიის შექმნა, რომელიც გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებს შეისწავლის და შესაბამისი რეაგირების გზებზე იმუშავებს. საჭიროებების კვლევის ერთი ეტაპი მთავრობის 30 მაისის გადაწყვეტილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა და გარკვეული მონაცემები უკვე გვაქვს. სწორედ ამ მონაცემების ანალიზმა დაგვანახა, რომ საჭიროა სპეციალური დროებითი კომისიის საქმიანობა. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არაერთხელ იმყოფებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები. მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელშვილი ბოლო ორი თვის განმავლობაში ხუთჯერ იმყოფებოდა ამ სოფლებში, ხვდებოდა მოსახლეობას და, შესაბამისად, ჩვენ ვიცით, ამ სოფლებში რა მდგომარეობაა. ახლა კი კომისიის ამოცანაა, შესაბამისი კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოს“, – განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

„გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. წესრიგდება წყალმომარაგების საკითხები, რეაბილიტაცია უტარდება შიდასასოფლო გზებს, თუმცა, ამის მიუხედავად, პრობლემა იქ მცხოვრებ მოსახლეობას უამრავი აქვს. ჩვენი უმთავრესი ამოცანა ამ პრობლემების გადაჭრა და მოსახლეობისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნაა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს კოლეგებს სისტემატური კომუნიკაცია გვაქვს კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან და გვაქვს ინფორმაცია მათ საჭიროებებთან დაკავშირებით, შევქმენით დროებითი სამთავრობო კომისია, რომ სწორედ ამ საკითხების მოგვარებაზე კოორდინირებულად იმუშაოს“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ.

 

კომისიის პირველი სხდომა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 3 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი