ახალი ამბები

“განსაკუთრებით ნიჭიერებთან” დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია

2 ოქტომბერი, 2013 •
“განსაკუთრებით ნიჭიერებთან” დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ შეჩერების მიზეზი მთავრობის უარყოფითი დასკვნაა:

“ბატონმა ივანე კიღურაძემ, როგორც ინიციატორმა, გადაწყვიტა შეეჩერებინა, რადგან მთავრობას აქვს უარყოფითი დასკვნა გამოგზავნილი ამ კანონპროექტზე. ჩვენ ისედაც მეორე მოსმენით კანონპროექტს ვერ განვიხილავდით მთავრობის თანხმობის გარეშე, რადგან საქმე ეხება დამატებით გრანტების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, გადაწყდა, რომ ის გააგრძელებს კონსულტაციებს მთავრობასთან, კონკრეტულად თამარ სანიკიძესთან, რომელსაც არ მოსწონს აღნიშნული კანონპროექტი. თუკი მოხდება შეთანხმების მიღწევა და ახალი ფორმულირების შემოტანა, ამ შემთხვევაში კანონპროექტის განხილვას დავუბრუნდებით.”

 

ჩაფიძე განმარტავს, რომ კანონპროექტი შეიძლებოდა უფრო ვიწრო წრეს შეხებოდა. მისივე მოსაზრებით, ის პრინციპი, რომ სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამის საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულები უნარ-ჩვევების გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხნენ, მისაღებია:

 

“კანონპროექტი შეიძლებოდა ადამიანების უფრო ვიწრო წრეს შეხებოდა და აქ შეიძლებოდა გვესაუბრა სახელოვნებო დაწესებულებებზე, რადგან საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულთა რაოდენობით იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უნდა ჩაირიცხონ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. გარკვეულწილად ალბათ სჯობს, რომ ფორმულირებები დაზუსტდეს, რომ, მაგალითად, ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულმა არ მოინდომოს კონსერვატორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვა.”

 

დეპუტატი ამბობს, რომ მოსაფიქრებელია, საჭიროა თუ არა რაიმე ცვლილება ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაში: 

 

“მოსაფიქრებელია ზოგადად, ჩვენ რისკენ მივდივართ. ვტოვებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების იმ სისტემას, რომელიც არის, დავუშვათ, უნარჩვევების კუთხით შეგვაქვს თუ არა რაიმე გარკვეული კორექტივები, თუ როგორ ვიქცევით ზოგადად და ეს უნდა იყოს განხილული განათლების სამინისტროსთან ერთად ერთიან კონტექსტში. ცალ-ცალკე დაშვებული გამონაკლისები და ამოგლეჯილი ცალკეული კანონპროექტებიდან მუხლები, საბოლოო ჯამში, ჩვენ არ მოგვცემს განათლების სისტემის ხედვის პერსპექტივას.”

 

ჩაფიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი განათლების სისტემა ჰიბრიდი და ამორფულია:

 

“განათლების სისტემა, მე მგონი, ისედაც ამორფულია, იმის გამო, რომ სხვადასხვა მინისტრმა თუ კომიტეტმა ახალ-ახალი ნოვაციების შემოტანით, რომელიც არ იყო ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებული, საკმაოდ სერიოზული ჰიბრიდი მოგვცა. და ამის შედეგია პედაგოგები, რომელთა გადამზადება სათანადოდ არ ხდება, ამის შედეგია გამოცდებში ჩაჭრილი დირექტორების უმეტესობა და ამის შედეგია ის, რომ საქართველოში მოსწავლეების დონე არის საკმაოდ კრიტიკული.

 

ამ ყველაფერს ერთიანობაში სწრიდება გააზრება, შესაძლოა შესაბამისი კომისიის შექმნა სპეციალსიტებისგან და ფსიქოლოგებისგან დაკომპლექტებული. ჩვენ არ გვინდა კორუმპირებული სისტემა და ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა მოგვცა ის, რომ კორუფცია პრაქტიკულად აღმოიფხვრა ამ სისტემაში, მაგრამ ჩვენ არც ისეთი სისტემა გვინდა, რომელიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს ადამიანების ინდივიდუალიზმს და ნებისმიერი საგნის მიმართ მხოლოდ ქმნის მასობრივ ცნობიერებას,” – აღნიშნა ჩაფიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი