ახალი ამბები

კულტურის სფეროს მუშაკები ვლადიმირ პუტინს მიმართავენ

12 მარტი, 2018 • 2309
კულტურის სფეროს მუშაკები ვლადიმირ პუტინს მიმართავენ

საქართველოს კულტურის პალატისა და საქართველოს კულტურის სფეროს მუშაკები რუსეთის პრეზიდენტს წერილობით მიმართავენ. ისინი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისათვის გადაცემას მოითხოვენ.

“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, თბილისი. საქართველოს კულტურის პალატისა და საქართველოს კულტურის სფეროს მოღვაწეთა ღია წერილი. ჩვენ, საქართველოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები, შეშფოთებულები ვართ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება. ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართულ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვანები, კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს ჩვენი მოქალაქის – არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება.

ხელს ვაწერთ: ლია მიქაძე, ნუნუ გაბუნია, მარიკო კვალიაშვილი, ზურა ყიფშიძე, ირმა სოხაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მაკა მახარაძე, ასმათ ტყაბლაძე, თეიმურაზ გვალია, დავით ოქიტაშვილი. ხელმოწერები გრძელდება”, – ნათქვამია წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი