ახალი ამბები

თბილისის მერია: თბილისის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ჩაშლა ემუქრება

2 ოქტომბერი, 2013 •
თბილისის მერია: თბილისის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ჩაშლა ემუქრება

 

დღეს, 2 ოქტომბერს თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისის მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც თბილისის 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა განსახილველად, სადაც საქართველოში არსებული 70 თვითმმართველობიდან 69–ს აქვს გაზრდილი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ოდენობა და მხოლოდ დედაქალაქის მერიას აქვს თანხა შემცირებული 50 მილიონი ლარით.

 

“ტრანსფერის გაანგარიშების ფორმულაში რჩება მხოლოდ ერთი კომპონენტი, რამაც 50–მილიონიანი შემცირება გამოიწვია. ეს არის ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება, სადაც დედაქალაქისთვის მინიჭებული სტატუსის კოეფიციენტის ცვლილება განხორციელდა და ამ ბრძანებით ფინანსთა მინისტრმა დედაქალაქის სტატუსის დააკნინა”, – ნათქვამია განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ 2015 წლისთვის თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო, რისთვისაც საჭიროა 35 მილიონი ლარი, თუკი ეს თანხა არ იქნება, თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებას ჩაშლა ემუქრება.

 

თბილისის მერი გიგი უგულავა პრემიერ–მინისტრს, პარლამენტს, მის თავმჯდომარეს და თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდებს, რომ ბიუჯეტში ტრანსფერის საკითხს გადახედონ და იმსჯელონ ამ თემაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი