ახალი ამბები

ბაქრაძე “ჯიჰადის ვიდეოების” საქმის გამოძიებაზე

1 ოქტომბერი, 2013 •
ბაქრაძე “ჯიჰადის ვიდეოების” საქმის გამოძიებაზე

დავით ბაქრაძის მოსაზრებით, ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ საქმე, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით გამოირჩევა, როგორც შს სამინისტრო ამბობს, უკვე 1 თვეა გახსნილია და მასზე საზოგადოებამ არაფერი იცის:

 

„დაველოდოთ, რა ინფორმაცია იქნება ხვალ. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან უცნაურია ის ფაქტი- საქმე, რომელიც ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით გამოირჩეოდა და ასეთი მაღალი საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა, თურმე ერთი თვეა გახსნილია და ამის შესახებ არავინ არაფერი ვიცოდით, სანამ ეს საკითხი არ დააყენა თავდაცვის მინისტრმა. ჯერჯერობით უცნაური ის არის, რატომ იყო ერთი თვე ეს საქმე დამალული საზოგადოებისთვის, დანარჩენს წინასწარ ვერ შევაფასებ, დაველოდოთ და ხვალ, იმის შემდეგ, რაც მოვისმენთ, რა იყო და როგორ იყო, უფრო კონკრეტული დასკვნის გაკეთების საშუალება გვქენება.“

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეოების საქმე უკვე ერთი თვეა გამოძიებული აქვს მის უწყებას.

 

მინისტრს ამ საკითხზე სხვა დეტალები არ დაუზუსტებია ჟურნალისტებისთვის. ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე სამინისტრო სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.

 

5 ივნისს იუთუბზე გავრცელდა ვიდეომასალა სათაურით – “თალიბების ჯიჰადი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან”. ვიდეოში ნათქვამია, რომ ყველა ჯვაროსანი, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და აუცილებლად დაისჯებიან ქართველებიც. ვიდეომასალა შეიცავს მუქარას ქართველი მებრძოლებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ.

 

6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა  დაიჭრა.

 

საქართველოს შსს უკვე თითქმის ოთხი თვეა აწარმოებს გამოძიებას ამ ვიდეომასალასთან დაკავშირებით.

 

დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის მიცემულ კომენტარებში შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ პირს, რომელმაც ჯიჰადის სახელით ვიდეოები გაავრცელა, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და რომ დამატებით დეტალებს საზოგადოება ხუთშაბათს შეიტყობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი