ახალი ამბები

გოკა გაბაშვილი: რუსეთთან დათმობა საქართველოს ეკონომიკას საფრთხეს უქმნის

1 ოქტომბერი, 2013 •
გოკა გაბაშვილი: რუსეთთან დათმობა საქართველოს ეკონომიკას საფრთხეს უქმნის

დებატებზე სიტყვით გამოსვლისას უმცირესობის დეპუტატმა გია თევდორაძემ პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი წარმოადგინა. გია თევდორაძის თქმით, პური და სანახაობა ერთად ამართლებს და ცალ-ცალკე აღებულს ეფექტი არ აქვს:

 

“დღეს ქართველ ხალხს პური აკლია და მხოლოდ სანახაობით ხელისუფლება ფონს ვერ გავა. მე წარმოგიდგენთ შიშველ ფაქტებს შეჩერებულ პროექტებზე და მეეჭვება რეგლამენტით გათვალისწინებული დრო საკმარისი იყოს. თითოეული ეს პროექტი იმ რეგიონისათვის მნიშვნელოვანი იყო, სადაც უნდა განხორციელებულიყო. პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის, გაზის კომუნიკაციების, რეგიონებში წყლის სათავე-ნაგებობების მოწესრიგებას, რაჭა-ლეჩხუმში ლოკალური ჰესების მშენებლობას შეეხებოდა. ეს პროექტები, განხორციელების შემთხვევაში, რამდენიმე ათას სამუშაო ადგილსა და რამდენიმე ასეულ ლარის შემოსავალს ნიშნავდა. ქვეყნის დანაშაული უმოქმედობაშია. დღესაც გთავაზობთ და გეუბნებით, რომ ერთად დავსხდეთ და ვიფიქროთ, ვიზრუნოთ ამ სამუშაოებზე.”

 

უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, გოკა გაბაშვილის თქმით, რუსეთს ყოველთვის სურდა საქართველოსთვის პრობლემების შექმნა და პოლიტიკურ ბერკეტად იყენებდა ემბარგოს თემას, თუმცა არ გამოუვიდა:

 

“უნდა მოვეშვათ იმ ლეგენდაზე საუბარს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. საუბარია რუსეთთან ემბარგოს მოხსნაზე, რომელთან მიმართებაში საქართველომ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძირითადი საექსპორტო მონაცემებით, რომლითაც რუსეთი ცდილობდა საქართველოს დაბლოკვას, არ გამოუვიდა. რუსეთს ყოველთვის სურდა საქართველოსთვის პრობლემების შექმნა და პოლიტიკურ ბერკეტად ემბარგოს თემას იყენებდა, თუმცა არ გამოუვიდა. დღეს კი ჩვენ რუსეთთან გარკვეულ დათმობებზე მივდივართ. ეს თავისთავად საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება და საფრთხეს უქმნის მას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი