დებატები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძე გახსნა და განაცხადა, რომ პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით.
„2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში პოზიტიური, თანმიმდევრული ცვლილებების განხორციელებას. ახალი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა ეყრდნობა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და ღირებულებებს. ნაბიჯები გადაიდგა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით, რისთვისაც ხორციელდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც განავითარებს მცირე და საშუალო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას; დაიცავს კერძო საკუთრებას და შრომის უფლებებეს, უზრუნველყოფს მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციას, შრომის უუნარო მოქალაქეებს შეუქმნის ღირსეულ პირობებს, დაამკვიდრებს უსაფრთხო სოციალურ გარემოს, განავითარებს სოციალური სოლიდარობის სიტემას, იზრუნებს ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ მოდერნიზაციას,” – განაცხადა ტყემალაძემ.
ტყემალაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს განვითარების პრიორიტეტებს და მათი განხორციელების გზებს 2014-2020 წლისათვის. მისივე სიტყვებთ, “სტრატეგიის მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს ევროპულ ღირებულებებზე დაყრდნობილი კეთილდღობის ქვეყანა, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ.”
დეპუტატი ამტკიცებს, რომ პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც გამოიხატება როგორც საგადასახადო შემოსავლების მობილიზების, ასევე, ექსპორტის ზრდის მიმართულებით:
“მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდეცია თანმიმდევრულ და სტაბილურ ხასიათს იძენს, რაც ძირითადად მიიღწევა სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური ჩარევის გარეშე, ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შექმნის შედეგად.”
ტყემალაძემ სიტყვით გამოსვლისას სტატისტიკურ ინფორმაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია:
“საქართველოს მთავრობის გატარებულმა პოლიტიკამ და გადადგმულმა ნაბიჯებმა სათანადო ასახვა ჰპოვა მსოფლიოს ეკონომიკური ქვორუმის 2013-2014 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენებაში. საქართველოს აქვს გაუმჯობესებული რეიტინგი, კერძოდ, 5 საფეხურით გაიუმჯობესა საქართველომ მდგომარეობა და 77-ე ადგილიდან 72-ზე გადავიდა.
2013 წლის პირველ ნახევარში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 458 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. 2013 წლის მეორე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 232 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7 %-ით აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს 3-ით აღემატება.”
ტყემალაძე აცხადებს, რომ პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2012 წელს 911 მილიონი დოლარი, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 5,8 % შეადგინა:
“2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,1 პროცენტით შემცირდა და მილიარდ 640 მილიონი დოლარი შეადგინა, მიუხედავად იმისა, რომ 4,4%-ით შემცირდა იმპორტი, ექსპორტი გაიზარდა 14 პროცენტით და მილიარდ 761 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2013 წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 12 %-ით გაუმჯობესდა.”
მისივე ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რიცხვი 126 ქვეყნით განისაზღვრა. აქედან დადებითი სავაჭრო ბალანსი 39 ქვეყანასთან დაფიქსირდა, რაც 1 ერთეულით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს:
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 2,2 %-ით შემცირდა და 1 მილიარდ 769 მილიონი დოლარი შეადგინა, საერთო ჯამში, აღსანიშნავია, რომ ექსპორტი 34%-ით გაიზარდა. დსთ-ს წევრ ქვეყნებთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 8,7 პროცენტით გაიზარდა, ექსპორტი 24 %-ით გაიზარდა და 979 მილიონი დოლარით განისაზღვრა. ხოლო იმპორტი 1%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 267 მილიონი დოლარი შეადგინა.”
ტყემალაძის თქმით, საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილობრი აღდგენის შემდეგ 2013 წლის მაისიდან რუსეთის ფედერაციაში გავიდა 15 მილიონი დოლარი ღირებულების ღვინო და 13 მილიონი დოლარის მინერალური წყალი. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდას:
“2013 წლის ივლისში საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება ევროკავშირთან და ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება,”- აღნიშნა ტყემალაძემ.