ახალი ამბები

იუსტიციის საბჭოს კრიტიკული წევრი აპარატის უთანასწორო დამოკიდებულებაზე საუბრობს

9 მარტი, 2018 • 2423
იუსტიციის საბჭოს კრიტიკული წევრი აპარატის უთანასწორო დამოკიდებულებაზე საუბრობს

ვის ემსახურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი – ყველა წევრს, თუ უმრავლესობის ინტერესებს? საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი “ნეტგაზეთთან” საურობს შემთხვევებზე, როდესაც საბჭოს აპარატი, რომელიც ყველა წევრს თანაბრად უნდა ემსახურებოდეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებსა და კრიტიკულად განწყობილ წევრებს სხვადასხვაგვარად ექცევა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო “სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი” და დიდი გავლენების მქონე ორგანოა. ის ნიშნავს და ათავისუფლებს საერთო სასამართლოების მოსმართლეებს, შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტს, შეუძლია მოსამართლეთა წახალისება, ან მათ წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება და ა.შ.

დღეს საბჭოში მყარი უმრავლესობა მოსამართლე წევრებს პარლამენტის მიერ არჩეულ წევრებთან ერთად აქვთ. პარლამენტის მიერ არჩეული ერთი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი ანა დოლიძე ხშირად არ იზიარებენ უმრავლესობის გადაწყვეტილებებს, რის გამოც საბჭოს სხდომები მათი და მოსამართლე წევრებისა მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

როგორც ნაზი ჯანეზაშვლი ამბობს, მას, როგორც უმრავლესობის საქმიანობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ წევრს, იუსტიციის საბჭოს აპარატიც განსხვავებულად ექცევა.

რას აქვეყნებს საჯაროდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო?

“რეალურად, შეგიძლია ჩათვალოთ, რომ საბჭოს კრიტიკულად განწყობილი წევრებისთვის პიარის სამსახური არ მუშაობს. ერთეული შემთხვევები მახსენდება, ეთქვას, რომ [ჟურნალისტები] გელოდებიან და გამოდი. ამის იქით არ წასულა ჩვენი ურთიერთობა,”- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ნაზი ჯანეზაშვილი გვეუბნება, რომ საბჭოს პრესსამსახური საბჭოს ვებ-საიტსა და ფეისბუკის გვერდზე თავისი ინიციატივით არასოდეს აქვეყნებს კრიტიკულად განწყობილი წევრების განცხადებებს.

საბჭოს ფეისბუკის გევრდის აქტივობებს თუ გადავხედავთ, მაგალითად, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ნაზი ჯანეზაშვილის შესახებ მხოლოდ ერთი მასალა არის გამოქვეყნებული, სადაც გენდერულ საკითხებზე საუბრობს. მისივე თქმით, საბჭოს პრესსამსახურს თავად მიაწოდა ეს ინფორმაცია გამოსაქვეყნებლად.

ასევე, ჯანეზაშვილის თქმით, არსებობდა პრაქტიკა, როდესაც საბჭოს სხდომიდან ჟურნალისტებთან სასაუბროდ გამოსულს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის თანამშრომელი უსმენდა, რომელიც შემდეგ საბჭოს მოსამართლე წევრებს უყვებოდა, თუ რის შესახებ ისაუბრა. მისივე განცხადებით, ასეთ ფაქტს თავადაც შეესწრო.

“გაკვირდებიან, რას საუბრობ, შემდეგ ამას ატყობინებ, რაზე საუბრობ, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებმა ოპონირება შეძლონ, მაშინვე გაგცენ პასუხი, კი არ ელოდებიან, რა იქნება საბოლოო პროდუქტი მედიაში… საჯაროა, მაგრამ საჯაროდ ნახონ და შემდეგ მიპასუხონ, მაგრამ ასე ხელს უწყობენ ერთმანეთს. თუ რაიმე გამწვავდება, მაგ შემთხვევაში უფრო ინტენსიური ხდება უმრავლესობიდან მოსამართლე წევრების კომენტარები, ანუ ეუბნებიან, რომ რაღაც კრიტიკული შენიშვნები გაკეთდა და გამოდითო. თუ რაღაც ნეიტრალური თემაა, შეიძლება, არც გამოვიდნენ,”- გვიყვება ნაზი ჯანეზაშვილი.

მისივე განცხადებით, ეს მისთვის, როგორც საბჭოს წევრისთვის, მიუღებელია, რადგან, კანონის თანახმად, საბჭოს აპარატი მთლიანად საბჭოს გამართული მუშაობისთვის იქმნება.

“ეს არ არის პოლიტიკური ორგანო, ეს არის საბჭო, სულ 15 ადამიანია და აუცილებლად ყველასთან თანაბარი მიდგომები უნდა იყოს,”- გვეუბნება ის.

თუ შექმნია პრესსამსახურთან მსგავსი პრობლემა, ჩვენ ამის თაობაზე კითხვა საბჭოში კრიტიკულად განწყობილ მეორე წევრს, ანა დოლიძესაც დავუსვით. მან გვუპასუხა, რომ იმ ერთი თვის განმავლობაში, რაც საბჭოში მუშაობს, მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია.

თებერვალში სასამართლოს მუშაობის შეფასებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა The Heritage Foundation-ის კვლევის გამოქვეყნება იყო. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ამ კვლევაზე საუბრისას მხოლოდ სასამართლოს მიღწევებზე აკეთებდნენ აქცენტს, საბჭოს არამოსამართლე წევრმა და დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე ისაუბრეს ხარვეზებზე, რომლებიც ამ კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემაშია. საბჭოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულია მოსამართლე წევრების კომეტარები, ხოლო კრიტიკული კომენტარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მართლაც არ გამოუქვეყნებია.

დამატება:  9 მარტს ნაზი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა იუსტიციის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც, საბჭო EMC-ის განცხადებას სიცრუეს უწოდებს. გამოქვეყნებულ განცხადებას საერთოდ არ აქვს მითითებული, თუ საბჭოს რომელ წევრებს ეკუთვნის.

“მე მივმართე საბჭოს მდივანს და აპარატს, რათა მიუთითონ რომ არ ვუერთდები ტექსტს, თუმცა ამ დრომდე ეს 1 წინადადება არავინ ჩაამატა,”- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

კიდევ სად ჩანს საბჭოს აპარატის არათანასწორი დამოკიდებულება?

ნაზი ნაჯეზაშვილი გვიყვება, რომ იყო შემთხვევა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისი ოპონირება აპარატის თანამშრომელს დაავალეს.

“მე ვამბობდი, რომ საბჭოს დოუმენტები წინასწარ უნდა იყოს გამოქვეყნებული და მას დაავალეს, სხდომაზევე გამოიყვანეს საბჭოს ერთ-ერთი თანამშრომელი, არ მინდა მისი გვარის დასახელება. მან ილაპარაკა ჩემი საწინააღმდეგო არგუმენტები. იქ ვიჯექი და იქვე თქვა მან. ძალიან კარგი თანამშრომლობა მაქვს მასთან, ძალიან მეხმარება ზოგ რაღაცებში, მაგრამ როდესაც დაავალეს, რა თქმა უნდა, გააკეთა ის, რაც დაავალეს,” – განაცხადა მან.

საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ აპარატის თანამშრომელს საბჭოს სხდომეზე საკითხები მოსამართლე წევრების ნაცვლად გამოაქვთ.

“როდესაც საბჭოს მდივანს ან მოსამართლე წევრს გამოჰქონდათ საკითხი, ეს საკითხი მათ ნაცვლად აპარატის წევრებს გამოჰქონდათ. ეს იყო პირველივე სხდომაზე, როდესაც მე იქ მოვხვდი. ანუ ინტელექტუალურ სამუშაოს, ვერბალურ სამუშაოს, ჩვენს კითხვებზე პასუხს თვითონ კი არ სცემდნენ, აკეთებდენ აპარატის თანამშრომლები. ეს, რა თქმა უნდა, არასწორი პრაქტიკაა. იგივე, რა თქმა უნდა, არ ხდება ჩვენ მიმართ. ნაზი რომ გამოდის, თვითონ აკეთებს ამას და მე – ჩემსას.

ეს არის არასწორი პრაქტიკა.  წინა სხდომაზეც დავაყენე საკითხი, რომ აპარატი უნდა იყოს ნეიტრალური და უნდა მოემსახუროს ყველას. ვთქვი, რომ დღის წესრიგში თუ არის მოხსენიებული მიქაუტაძე, უნდა გამოვიდეს, ისაუბროს და ჩვენს კითხვებს მიქაუტაძემ უპასუხოს. პრაქტიკა იყო ასეთი – მიქაუტაძე ზის მშვიდად და მის ნაცვლად ახსნა-განმარტებებს აწარმოებს აპარატის წევრი, რომელიც, ბუნებრივია, რახან ჩვენ კრიტიკულ კითხვებს ვუსვამთ, უწევს ახსნა-განმარტება, თავის მართლება და ჩვენ მიმართ ცუდად ხდება განწყობილი, აბა, რა იქნება,”- განაცხადა “ნეტგაზეთთან” ანა დოლიძემ.

ნაზი ჯანეზაშვილი ასევე საუბრობს აპარატის მხრიდან მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის პროცესში შეფასების დოკუმენტის კონფიდენციალობის დარღვევის შესახებ. მისი თქმით, გასაჯაროვდა კანდიდატებისთვის მის მიერ დაწერილი შეფასებები კეთილსინდისიერებასა და კომპეტნტურობაში. მან გაიხსენა, რომ ეს იყო პერიოდი, როდესაც კონკურსში საბჭოს მოსამართლე წევრები მონაწილეობდნენ.

“რამდენიმე წევრი შემოვიდა, პირველ რიგში, ესენი იყვნენ სერგო მეთოფიშვილი, რევაზ ნადარაია, და დაიწყეს  ჩემი მისამართით საკმაოდ სერიოზული კამათი. “არაკეთილსინდისიერი” დავუწერე მაშინ რამდენიმე წევრს და ამაზე ძალიან სერიოზული, მწვავე რეაქცია ჰქონდათ, რატომ ვართ ჩვენ არაკეთილსინდისიერები, პასუხს მთხოვდნენ. მერე ისე ილაპარაკეს სხვებთან, რომ თვითონ მიხვდნენ ამას, ეს ხომ წარმოუდგენელია.

როდესაც შევავსე, აპარატი ვალდებულია, შეინახოს კონფიდენციალურად, დააჯამოს უბრალოდ ქულები და მორჩა. აპარატმა მითხრა, ჩვენ არაფერი გადაგვიციაო, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ. მერე ისე გაავრცელეს ხმები, მდივანთან და ყველასთან ისე ილაპარაკეს, თითქოს ეს იყო ჩემი ეჭვები. ეს ეჭვები ნამდვილად არ ყოფილა,”- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

რა პასუხი აქვს გიორგი მიქაუტაძეს?

კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს საბჭოს მდივანი ხელმძღვანელობს.

ჩვენ ვკითხეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს, თუ ვინ განსაზღვრავს, რა უნდა გამოქვეყნდეს საბჭოს ვებ-გვერდზე და რა – არა. მან განაცხადა, რომ საბჭო ყველაფერს აქვეყნებს.

“ყველაფერი ქვეყნდება, ჩვენ ღია ვართ და აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია ქვეყნდება და იტვირთება.  მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ვინმეს მოეთხოვოს, რომ იუსტიციის საბჭოს რაღაცის გამოქვეყნება მოეთხოვოს და საბჭოს უარი ეთქვას, რომ არ გამოაქვეყნოთო. ჯერ ეს ერთი, ამას დამოუკიდებლად წყვეტს ყველა წევრი და თვითონ იღებს ამის თაობაზე გადაწყვეტილებას, რაზე ისაუბროს, რა გამოაქვეყნოს და რა დღის წესრიგი ჰქონდეს,” – გვეუბნება მიქაუტაძე.

რაც შეეხება შეკითხვას, ავალებს თუ არა პრესსამსახურის წარმომადგენელს, მოუსმინოს და მიაწოდოს ინფორმაცია კრიტიკულად განწყობილი წევრების საჯარო კომენტარების შესახებ, იგი გვეუბნება, რომ ეს კითხვა არასწორად არის დასმული:

“მეც რომ კომენტარზე გამოვდივარ ხოლმე, სანამ უკან დავბრუნდები, ჩემს სამუშაო ადგილზე, მანამდე ეს ინფორმაცია რაღაც გარკვეული წყაროებით უკვე ხელმისაწვდომი არის ხოლმე, ინტერნეტსაიტებზე უკვე დევს და ლამის პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ამიტომ, მე მგონი, ეს კითხვა არსწორად არის დასმული,”- განაცხადა მან.

მიქაუტაძეს ასევე დავუსვით შეკითხვა საბჭოს წევრებისა და აპარატის მხრიდან შეფასების დოკუმენტების კონფიდენციალობის დარღვევასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ეს ტყუილია და საბჭოს არ დაურღვევია კონფიდენციალობა.

“არ დარღვეულა კონფიდენციალობა და თავის დროზე, როცა ეს საკითხი განვიხილეთ, ქალბატონი ნაზი დარწმუნდა და მაშინ სხვა კომენტარი გააკეთა და სჯობს, მოიძიოთ,”- გვითხრა მან.

ნაზი ჯანეზაშვილი კი ამბობს, რომ არასად უარუყვია, რომ მის მიმართ კონფიდენციალობა დარღვეული იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი