დღეს სასტუმრო “რედისონში” ფსიქოლოგმა ზურაბ ბიგვავამ წინასააარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევის პრეზენტაცია გამართა. “ფსიქოპროექტის” დირექტორ ბიგვავას თქმით, კვლევა 2013 წლის 16-23 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს 11 რეგიონში და გამოიკითხა 2201 ადამიანი.
ბიგვავას თქმით, მისი ორგანიზაცია გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის დაკვეთით კლვევების სერიას ახორციელებს. წინასაარჩევნო კლევის პირველი ტალღა ორგანიზაციამ 2013 წლის აგვისტოში ჩაატარა, ხოლო მესამე და საბოლოო კვლევას ოქტომბერში ჩაატარებს.
შემთხვევითი შერჩევით გამოკითხულმა რესპონდენტებმა შეავსეს კითხვარი, რომელიც დახურულ კონვერტებში მოათავსეს. ბიგვავას თქმით, ეს მეთოდი უზრუნველყოფდა ანონიმურობის, რესპონდენტების მეტ გახსნილობასა და უფრო ზუსტ პასუხებს.
ბიგვავამ პრეზენტაციის დაწყებისას განმარტა, რომ ეს არა სოციოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიური კვლევაა. “ჩვენ ძირითადად ფსიქოლოგიური მიმართებების, განწყობების გაზომვას ვაწარმოებთ,”- განმარტა ბიგვავამ.
კვლევის შედეგით, გამოირკვა, რომ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი 53%-დან 56%-მდე გაიზარდა. ბიგვავა ამბობს, რომ თუ რამე კარდინალური გარდატეხა არ მოხდა, ამ შედეგების მიხედვით, მეორე ტური საჭირო არ გახდება.
გიორგი მარგველაშვილის რეიტინგის გარდა, მოიმატა სხვა საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებმა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის “, დავით ბაქრაძის რეიტინგმა წინა კვლევასთან შედარებით 2%-ით მოიმატა, იგივე ითქმის ნინო ბურჯანაძის 9%-იან რეიტინგზე, რომელიც აგვისტოში ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით 7%-ს უტოლდებოდა.
მარგველაშვილის პირველობის ზურაბ ბიგვავასეული ახსნა ამგვარია: ის პიროვნული თვისებები, რომელიც გამოკითხულთა შორის ფასობს: პატრიოტულობა, ხალხზე მზრუნველობა, სამართლიანობა, განათლებულობა, გაწონასწორებულობა (ამ თვისებებს “ფსიქომეტრის” გამოკითხულმა რესპონდენტებმა უპირატესობა მიანიჭეს) სწორედ მარგველაშვილს ახასიათებს სხვებთან შედარებით.

“ჩვენ როცა გავაკეთეთ პიროვნული პროფილი პრეზიდენტობის კანდიდატების, ის თვისებები, რომლებიც საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია, როგორც პრეზიდენტის საუკეთესო თვისებები, სწორედ მარგველაშვილს ახასიათებს, ვიდრე სხვა კანდიდატს,”- განაცხადა ბიგვავამ.
პრეზენტაციაზე ადგილი დაეთმო NDI-ს მიერ ჩარებული კვლევის შედეგის შედარებას “ფსიქომეტრის” კვლევის შედეგთან. “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” აგვისტო-სექტემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს გამოკითხულთა 39% უჭერს მხარს, “ფსიქომეტრის” კვლევაში- 56%, NDI-ს მიხედვით დავით ბაქრაძეს -18%, ხოლო “ფსიქომეტრის” მიხედვით -11%, ნინო ბურჯანაძის მაჩვენებელი ორივე კლევის მიხედვით 7 %-ია.
ბიგვავას თქმით, მის მიერ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული კვლევები უფრო ახლოს იყო არჩევნების შედეგთან, ვიდრე NDI-ს კვლევის შედეგი.
ზურაბ ბიგვავას განმარტებით, საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო კამპანია მნიშნელოვან გავლენას არ ახდენს ამომრჩვლის განწყობებზე. ამომრჩევლები არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად მტკიცდებიან თავის არჩევანში, განმარტა ბიგვავამ და დაამატა, რომ ამას მოწმობს რესპონდენტების დარწმუნებულობის მაჩვენებლის ზრდა.
კვლევის შედეგით აღმოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობით კმაყოფილთა რაოდენობა აგვისტოსთან შედარებით 5%-ით შემცირდა. თუ აგვისტოში 29%-ს მოსწონდა საქართველოს მთავრობა, სექტემბრის გამოკვლევით 24%-ია. ხოლო აგვისტოში მათი რაოდენობა, ვისაც არ მოსწონდა საქართველოს მთავრობა იყო 20%, სექტემბერში- 15%. მთავრობისადმი ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეების რაოდენობა ერთ თვეში 5-დან 33%-მდე გაიზარდა.
ყველაზე ეფექტური მინისტრების რეიტინგში ირაკლი ღარიბაშვილია პირველი, მას მოსდევენ ირაკლი ალასანაია, კახი კალაძე, თეა წულუკიანი. “ეფექტური” მინისტრების ხუთეულს გიორგი კვირიკაშვილი ასრულებს.
ბიგვავას თქმით, ამ კვლევის საშუალებით გამოირკვა, რომ რესპონდენტები უფრო გახსნილი არიან, რის შედეგადაც დაიკლო იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებსაც კითვებზე პასუხი გაცემა არ სურდათ. ბიგვავას აზრით, ეს მთავრობის შეცვლამ განაპირობა.

“უარი პროცენტზე ძალიან დაბალია, ადამიანები გულახდილად გეუბნებიან, რასაც ფიქრობენ,”- განაცხადა ბიგვავამ
გამოკითხულების უმეტესობას- 79%-ს მიაჩნია, რომ საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირება არ უნდა აშინებდეთ, 14% საწინააღმდეგოს ფიქრობს. კითხვაზე, “ემუქრება თუ არა რიგით მოქალაქეს უკანონო დაჭერა”- 64% ეთანხმება, 19% კი არ ეთანხმება.
იმ შემთხვვეაში, თუ ხელისუფლება შეცდომას დაუშვებს, გამოკითხულთა 81% ღიად გამოხატავს პროტესტს, 14% არ გამოხატავას ღია პროტესტს. პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირება არ ეშინია 84%-ს, 10% არ ეთანხმება.
კვლევამ გაზომა მოქალაქეების პოლიტიკური ჩართულობის მაჩვენებელი. გამოკითხულთა 51% დაინტერესებული ან ძალიან დაინტერესებულია, ნეიტრალურადაა 31% განწყობილი, ხოლო საერთოდ არ აინტერესებს გამოკითხულთა 19%-ს. გამოკიტხულთა 88% არჩევნებში წასვლას აპირებს, 5% არ აპირებს წასვლას, ხოლო 6%-მა არ იცის, წავა თუ არა.
ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გამოკითხულები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დასაქმებას, სამართლიანობის აღდგენას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ასახელებენ.
აგვისტოში ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრობლემების ხუთეულში იყო რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება და არა სამართლიანობის აღდგენა, რომლის მაჩვენებელიც სექტემბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გამოკითხული მოქალაქეების 51%-ს აგვისტოში მიაჩნდა, რომ ბიზნესი თავისუფალია, ხოლო სექტემბერში მათი რიცხვი 47%-მდე დაეცა. 31%-ს მიაჩნია, რომ ბიზნესი საქართველოში არათავისუფალია, 22%-ს პასუხის გაცემა უჭირს.
73%-ს სჯერა, რომ მათი საკუთრება საიმედოდაა კანონით დაცული, რასაც 14% არ ეთანხმება.
ინსტიტუტებიდან ყველაზე მეტი ნდობა ეკლესიამ, შეიარაღებულმა ძალებმა, პატრულმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიპოვეს. ყველაზე არასანდო კი, სასამართლო და საქართველოს პრეზიდენტია.
48% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა სწორ საგარეო კურსს ატარებს, 25% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 26%-ს პასუხის გაცემა უჭირს.
კვლევის ორგანიზატორებმა ყურადღება მიაქციეს მოქალაქეების ინფორმირებულობას საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი. გამოკითხულთა 56%-ს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლესი მთვარასარდალია, 13% კი ამ ფაქტს არ ეთანხმება.
გამოკითხულთა 30%-ს მიაჩნია, რომ ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს მთავრობის გადაყენების უფლება აქვს. 34% არ ეთანხმება. კითხვაზე, შეუძლია თუ არა პრეზიდენტს ბიუჯეტის კონტროლი, 35% ეთანხმება, 30% არ ეთანხმება, ხოლო დანარჩენ 35%-ს უჭირს პასუხის გაცემა.
ბიგვავას თქმით, გამოკითხვის მიხედვით, ჩანს, რომ მიახლოებით 30% ქვეყნის საკანონმდებლო საკითხებში ვერ ერკვევა.
გამოკითხულთა 58%-ს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, 6%-ს მიაჩნია, რომ უსამართლოდ ჩატარდება, ხოლო 24% იმედოვნებს, რომ მეტ-ნაკლები სამართლიანობით აირჩევენ მომავალ პრეზიდენტს.
ბგვავას თქმით, შერჩევის სიდიდე განისაზღვრა მონაცემთა 95%-იანი სანდოობით, სტატისტიკური ცდომილების 2,25% ფარგლებში.



![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



