ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში რუსული პასპორტის მქონე მოქალაქეებს სამედიცინო დაზღვევას მისცემენ

8 მარტი, 2018 • 1995
აფხაზეთში რუსული პასპორტის მქონე მოქალაქეებს სამედიცინო დაზღვევას მისცემენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამედიცინო დაზღვევის შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა. შეთანხმება აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსეთის მოქალაქის პასპორტის მქონე პირთა სამედიცინო დაზღვევას ითვალისწინებს. რამდენი მოქალაქე ფლობს რუსეთის მოქალაქეობას აფხაზეთში, უცნობია, თუმცა სხვადასხვა ინფორმაციით,  უმრავლესობას აფხაზურთან ერთად რუსული პასპორტიც აქვს.

ოფიციალური ინფორმაციით, პაციენტებს აფხაზეთიდან რუსეთის, კერძოდ კი, კრასნოდარის მხარეში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში უმკურნალებენ.

შეთანხმება მიზნად ისახავს იმ “საერთაშორისო ვალდებულებების” შესრულებას, რომელიც ბიჭვინთაში 2017 წლის 8 აგვისტოს ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრისას გაფორმდა.


აფხაზეთში არავისთვისაა საიდუმლო, რომ ადგილობრივი მოქალაქეების დიდი ნაწილი სამკურნალოდ სხვაგან მიდის. რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო თავად გზავნის. საქართველოში კი, სადაც აფხაზური პასპორტის ქონის შემთხვევაში ძირითადად უფასოდ მკურნალობენ, პაციენტები დამოუკიდებლად ჩამოდიან.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  ნეტგზეთისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, “რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტების რაოდენობა და მათზე დახარჯული საბიუჯეტო ფული მზარდია. 2015 წლიდან 2017 წლის 19 ივნისამდე აფხაზ პაციენტებზე 6 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. ქართული მხარე ხშირად არ საუბრობს სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი და ოსი პაციენტების სტატისტიკაზე, როგორც ამბობს, ამ საკითხით სპეკულაციის თავიდან ასარიდებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი