ტელეკომპანია BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტი ფარიდა რუსტამოვა აცხადებს, რომ რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლეონიდ სლუცკიმ ინტერვიუს დროს სექსუალურად შეავიწროვა. რუსტამოვა არ არის პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელმაც რუსი დეპუტატი ბოლო ორი კვირის განმავლობაში საჯაროდ დაადანაშაულა. აღნიშნულს წინ უძღოდა RTVI-ის მთავარი რედაქტორის მოადგილის, ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძისა და ტელეარხ დოჟდის პროდიუსერ დარია ჟუკის მსგავსი შინაარსის ბრალდებები.
BBC-ის ცნობით, ფარიდა რუსტამოვა დეპუტატთან ინტერვიუს ჩასაწერად ერთი წლის წინ მივიდა. მათ უნდა ესაუბრათ საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატ მარი ლე პენის რუსეთში ვიზიტის შესახებ, თუმცა სლუცკიმ მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა და ჟურნალისტს BBC-დან წამოსვლა და მასთან მუშაობა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
“შენ ჩემგან გაქცევას ცდილობ, არ გინდა, რომ მაკოცო. გულს მტკენ”.
ჟურნალისტმა დეპუტატს ახსნა დაუწყო, რომ ბოიფრენდი ჰყავდა, რომელზეც დაქორწინებას აპირებდა, რაზეც შემდეგი შინაარსის პასუხი მიიღო:
“ძალიან კარგი, შენ მისი ცოლი და ჩემი საყვარელი იქნები”.
რუსტამოვას თქმით, ამის შემდეგ დეპუტატი მიუახლოვდა და მისი ნების წინააღმდეგ შეეხო. BBC აცხადებს, რომ დეპუტატსა და ჟურნალისტს შორის შემდგარი საუბრის აუდიოჩანაწერი აქვს, თუმცა არ აქვეყნებენ.
რაც შეეხება დეპუტატს, ბოლოდროინდელ ბრალდებებს პოლიტიკური შეთქმულების ნაწილად მიიჩნევს და ცილისწამებისთვის ქალებს ჩივილით დაემუქრა.
რუსეთში სექსუალური შევწიროება კრიმინალიზებული არ არის. როგორც BBC წერს, გაუპატიურების შემთხვევაშიც კი საზოგადოება ქალს ადანაშაულებს მოძალადის გამოწვევაში, თუმცა ბოლო წლებში გაიზარდა სოციალურ ქსელებში საკითხის მიმართ მგრძნობელობა. ამის მაგალითად სახელდება 2016 წელს წამოწყებული კამპანია, რა დროსაც ქალები და კაცები ღიად საუბრობდნენ მათ მიმართ არასათანადო სექსუალური მოპყრობის შესახებ.