ახალი ამბები

სერგო ჯავახიძე: პრეზიდენტობის შემთხვევაში, პირველ რიგში, რუსეთთან კომუნიკაციას შევწყვეტ

30 სექტემბერი, 2013 • 2377
სერგო ჯავახიძე: პრეზიდენტობის შემთხვევაში, პირველ რიგში, რუსეთთან კომუნიკაციას შევწყვეტ

“პირველი, რასაც მე გავაკეთებ, შევწყვეტ ყოველგვარ კომუნიკაციას რუსეთთან”, – განაცხადა სერგო ჯავახიძემ. მან პროგრამის პრეზენტაცია სწორედ საგარეო პოლიტიკაზე საუბრით დაიწყო:

სერგო ჯავახიძე
სერგო ჯავახიძე

“ერთი ბოთლი ბორჯომის და ღვინის გამო ჩვენ ვკარგავთ ერთ გოჯ მიწას. თუ არ შეწყდება კოუმნიკაცია და რევერანსები რუსეთის მიმართ, კიდევ ბევრს დავკარგავთ, თუმცა რუსეთს ვერც იარაღით დავუპირისპირდებით. უნდა შეწყდეს მათთან ყოველგვარი კომუნიკაცია და რუსეთთან ურთიერთობაში დახმარება ევროპას და ამერიკას ვთხოვოთ. ზაქარეიშვილი რომ ამბობს, თუ ნაციონალურმა მოძრაობამ დაკარგა 5 კილომეტრი, რა მოხდა მე თუ 200–300 მეტრს დავკარგავო, ეს არ არის სწორი”, – აცხადებს სერგო ჯავახიძე, თუმცა, მისი თქმით, რუსეთთან კომუნიკაციის შეწყვეტა არ არის იმის გარანტია, რომ ოკუპაცია შეწყდება.

ჯავახიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთთან კომუნიკაცია შეწყდება, უნდა დაიწყოს საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. იგი ამბობს, ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს, მათ შორის მათი, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ ცხოვრობს.

“ჩვენი სახელმწიფო ჩვენი ოჯახია,” – ასეთია სერგო ჯავახიძის საარჩევნო სლოგანი.

“ჩემი პროგრამა არის ოჯახზე ორიენტირებული, ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ წასული მოქალაქეები დაბრუნდნენ ოჯახში, საქართველოში. ეს ადამიანები წასული არიან ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მე შევქმნი პირობებს, რომ მათ საშოვარი საზღვარგარეთ არ ჰქონდეთ საძებნელი. ძალიან ბევრს სურს დაბრუნება, თუ კარგი ანაზღაურება ექნება. კარგ ანაზღაურებას კარგი ეკონომიკა სჭირდება, ეკონომიკა კი გაძლიერდება, თუ იქნება კარგი საინვესტიციო გარემო”, – აცხადებს სერგო ჯავახიძე.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე:

“თქვენ ხედავთ რამდენი სტუდენტი მიდის სასწავლებლად საზღვარგარეთ, რადგან მათ მოთხოვნებს საქართველოში არსებული სასწავლებლები ვერ აკმაყოფილებენ, ეს უნდა შეიცვალოს, განათლებულ მომავალ თაობას სჭირდება ფინანსები, ამისთვის კი საჭიროა ისევ და ისევ ძლიერი ეკონომიკა”, – აღნიშნა სერგო ჯავახიძემ.

 

 

მისივე განცხადებით, სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი თითოეული ადამიანი და მათი უფლებების დაცვა უნდა გახდეს. საპრეზიდენტო კანდიდატმა “ნეტგაზეთთან” საუბარში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში უმცირესობებს მიეკუთვნებიან:

“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რელიგიური უმცირესობები, განსაკუთრებით ორ მიძმე რეგიონში, ეს არის ქვემო ქართლი და ეს არის სამცხე. არ უნდა მოხდეს გაუცხოება, რაც ხდება ნინოწმინდაში და ახალქალაქში. ქვემო ქართლში აზერბაიჯანელებთან ენის ბარიერია, აქედან გამომდინარე, აუცილებელია გაცვლითი პროგრამები, სომეხი ეროვნების და აზერბაიჯანელი ეროვნების სტუდენტების ჩამოყვანა თბილისში და აქედან, პირიქით, გაგზავნა იმიტომ, რომ ეს კომუნიკაციები და ურთიერთობები დამყარებულია იმ ახალგაზრდების ურთიერთობებზე, რომლებიც მოდიან ხვალ და ზეგ მმართველობაში”, – განაცხადა ჯავახიძემ.

 

რაც შეეხება სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა, ამ საკითხზე სერგო ჯავახიძის პოზიცია ასეთია:

“სექსუალური უმცირესობები არსებობენ და იარსებებენ, ერთადერთი, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ამისი პროპაგანდა მიმაჩნია არასწორად. თუმცა მე მაშინ [17 მაისს] ვერც პროპაგანდა ვერ დავინახე, ეს იყო ვიღაცის აგორებული რაღაც შოუ, რომელიც გახსოვთ როგორც დასრულდა. მე დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებდი იგივე “იდენტობასთან”, იგივე იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ამის პროპაგანდას ეწევიან, მაგრამ არა საეთეროდ და არა იმისთვის, რომ მთელმა საქართველომ უყუროს. პროპაგანდაში იგულისხმება აქციები, გეი- აღლუმები, რომლის შინაარსიც იყო “არ გვცემოთ”, ლოზუნგი ჰქონდათ “ნუ გვავიწროვებთ”, მე მგონია, ასეთი რამე საქართველოში არ ხდება”, – აცხადებს ჯავახიძე.

 

სერგო ჯავახიძე წარმოადგენს მოძრაობას “სამართლიანი საქართველოსთვის”, რომლის თავმჯდომარეც გახდა 2011 წლის 13 იანვარს, თავმჯდომარის პოსტზე მან ზურაბ ნოღაიდელი შეცვალა. 

 

სერგო ჯავახიძე ოჯახთან ერთად
სერგო ჯავახიძე ოჯახთან ერთად

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი