ახალი ამბები

ივანიშვილი: სააკაშვილმა დაანგრია და მე უნდა მასწავლოს აშენება?

30 სექტემბერი, 2013 •
ივანიშვილი: სააკაშვილმა დაანგრია და მე უნდა მასწავლოს აშენება?

“უნდა ისწავლო მისგან, ვისაც კარგი მაგალითები აქვს, ვისაც აქვს მიღწევები და მაგან რასაც მიაღწია პირადად, მაგისგან ჩვენ სასწავლებელი არაფერი გვაქვს. ჩვენ ვიქნებით პრინციპული და თანმიმდევრული და მათ გაფუჭებულ საქმეს აუცილებლად გამოვასწორებთ, ამას ვპირდები საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ამას დრო ჭირდება”, – ასეთია ივანიშვილის პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზე.

 

ივანიშვილ–სააკაშვილის პირველი საჯარო შეხვედრა
ივანიშვილ–სააკაშვილის პირველი საჯარო შეხვედრა

პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო თვეებში საქართველომ უფრო მეტ სახნავ-სათესსა და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დაკარგა კონტროლი, ვიდრე 2008 წლის ომის დროს ქურთაში და თამარაშენში:

 

“და ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ პრაქტიკულად ვერავინ გაიგო მსოფლიოში ამის შესახებ! ამიტომ ახლა არ არის ქიშპობის დრო, მე მზად ვარ დავჯდე საქართველოს მთავრობასთან ერთად და ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენო, მათ შორის საერთაშორისო. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, თუ როგორ შევაჩეროთ ჩვენი მიწების ასეთი ჩუმი და ძალიან  საშიში ანექსია!

 

ნებისმიერ ქმედებას დავუჭერ მხარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გააკეთებს, რომელიც ამ ანექსიას შეაჩერებს. ახლა მოქმედების დროა, სწორედ ახლა, მწყრობად და კოორდინებულად უნდა ვიმოქმედოთ! მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ, ძალა – ერთობაშია, ჩვენ რუსეთის ამ მცოცავ ანექსიას აუცილებლად შევაჩერებთ!“ – განაცხადა სააკაშვილმა.

 

ივანიშვილის თქმით, მიუღებელია სააკაშვილის ხელისუფლებისგან ბრალდებები, რომ მცოცავი ანექსია, რასაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი ახორციელებს შიდა ქართლში, საოკუპაციო ზოლში არსებულ სოფლებში ბორდერიზაციით, შედეგია ახალი ხელისუფლების შერბილებული რიტორიკის:


“ის დიდი უმეცრებები, რაც მათ გააკეთეს 2008 წელს… გასაგებია, არავინ არ ამართლებს რუსეთის აგრესიას, ეს გასაგებია, რომ ოკუპირებულია ტერიტორიები, სულ ამას გვაძახებენ, რომ აღარ უთქვამს, გავიდა ორი კვირა, სიტყვა ოკუპირებული არ უხსენებია, ან რაღაცას მსგავსს კიდევ იძახიან, უმეცრებებს ისევ, სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევ. გასაგებია აგრესიაც, ოკუპირებული ტერიტორიებიც, რუსეთის დიდი აგრესია, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მათი დიდი უმეცრებების გარეშე, ჩემი დიდი ღრმა რწმენით, ეს არ მოხდებოდა და ვერ მოხდებოდა.

 

მათ გააკეთეს უამრავი სისულეები, თუ გნებავთ უფრო მძიმე სიტყვასაც ვიხმარ, მისი თამადობით ზუსტად მოხდა ეს ყველაფერი და ახლა რომ პოზიციას იჭერენ, რომ უნდათ რომ გვასწავლონ, კორექტულები იყვნენ. სანამ მოხდებოდა ეს 2008 წელი, განა, მანამდე არ მოხდა ურთიერთობის გაფუჭება და ჩიხში შეყვანა, განა მანამდე არ მოხდა ბიზნესმენების გამოყრა, განა მანამდე არ მოხდა სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა? და ამ კაცს არა აქვს ლომის წილი ამ ყველაფერში? დღეს რა უნდა ვისწავლოთ მაგისგან ჩვენ? და იგივე რიტორიკას აგრძელებს და ჰგონია, რომ მაგ რიტორიკით რაიმე მოიგო და გააკეთა?

 

… მას უნდა, რომ მასწავლოს – ჩვენი შერბილებული რიტორიკის ან გამონათქვამების ან ქმედების შედეგია, რაც ხდება დღეს ე.წ. საზღვრებთან, ეს არის შედეგი მათი უმეცრებების, სისულეების, იმას ვიმკით, რაც დღეს მივიღეთ. თუ ნახავთ კარგ მასწავლებელს, ვისაც აქვს კარგი მიღწევები, მე სიამოვნებით ყველას მოვუსმენდი, მაგრამ ის ვერ გამოდგება კარგ მასწავლებლად. ეს არის უარესი მასწავლებელი,” – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილს შევარდნაძის ხელისუფლებისგანაც არ ჩაუბარებია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით საახრბიელო ვითარება, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ეს ვითარება სააკაშვილის მთავრობამ გააუარესა:

 

“და ახლა დავუჯდე და სააკაშვილმა მასწავლოს ჭკუა? მათ გააკეთეს უკვე გასაკეთებელი: რაც ხდება დღეს საზღვრებზე, 2008 წლის შედეგია. მათ შეეძლოთ წინ წაეწიათ, რაც მიიღეს წინა ხელისუფლებისგან, პროცესები შეიძლებოდა გაუმჯობესებულიყო და ახლა მან დაანრგია და მე უნდა მასწვალოს აშენება? რანაირად გამოვა ეს?” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი