კახეთის რეგიონში “რთველი – 2013” 25 აგვისტოს დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყო, სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის 81–მა კომპანიამ მიიღო და გადაამუშავა 80097,6 ყურძენი, შარშან ეს მონაცემი 52 000 ტონა იყო.
ყურძენს სულ 79 კერძო და ორი სახელმწიფო კომპანია იღებს, ესენი არიან “გრუზვინპრომი” და შპს “აკურა”:
“სახელმწიფო კომპანიების მიერ შესყიდული და გადამუშავებულია 12479,6 ტონა ყურძენი, რაც საერთო რაოდენობის 15%-ს შეადგენს. ცნობისათვის, 2012 წელს სახელმწიფო კომპანიების მიერ გადამუშავებული ყურძნის წილი 65 %-ს შეადგენდა. რთველის წინასწარი პროგნოზი სრულად გამართლდა. კერძო სექტორის იაფი კრედიტითა და ფასის სუბსიდირების შედეგად საფერავზე მოთხოვნა იყო ძალიან დიდი, რის გამოც საფერავის ჯიშის ყურძენის ათვისება მთლიანად კერძო სექტორის მიერ ხდება, სახელმწიფოს მხოლოდ ჭარბი თეთრი ყურძნის ჩაბარება უწევს”, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საფერავის მაქსიმალურმა ფასმა 2,10 ლარი შეადგინა. თუმცა, ამ ფასად შეძენილი და გადამუშავებული იქნა მხოლოდ 76 ტონა ყურძენი. რქაწითელის მაქსიმალური ფასი შეადგენს 1,40 ლარს. ამ ფასად შეძენილი და გადამუშავებული იქნა მხოლოდ 72 ტონა ყურძენი, უმეტესად წინანდლის მიკროზონაში. მწვანე კახურის მაქსიმალურმა ფასმა შეადგინა 1,45 ლარი. ამ ფასად შეძენილი და გადამუშავებული იქნა 98 ტონა ყურძენი, ძირითადად მანავის მიკროზონაში:
“რთველი მალე დასრულდება, რასაც ადასტურებს მიღება-გადამუშავების ბოლო დღეების მონაცემები. 29 სექტემბრის მდგომარეობით, დღე-ღამეში 1,978 ტონა ყურძენი გადამუშავდა. საფერავის მოსავალი მიილია და მისი დღიური გადამუშავება დაახლოებით 30-40 ტონას შეადგენს”, – აღნიშნულია განცხადებაში.




