ახალი ამბები

ევრაზიული კავშირის საფრთხეები ევროინტეგრაციის გზაზე

30 სექტემბერი, 2013 •
ევრაზიული კავშირის საფრთხეები ევროინტეგრაციის გზაზე

„აშკარა გახდა, რომ რუსეთი ახდენს ზეწოლას აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებზე, რათა მათ გვერდი აუარონ ევროინტეგრაციის კურსს და პირდაპირ შეუერთდნენ საბაჟო კავშირს. საბაჟო კავშირი კარგს არაფერს უქადის ქვეყანას,“- ამბობს ხუციშვილი. 


მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ვილნიუსის სამიტზე მოხდეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და შემდეგ უკვე ხელმოწერა. 


დღევანდელ შეხვედრაზევე “საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ”, რომლის შემადგენლობაშიც 103 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული, განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მიესალმება იმ ისტორიული მნიშვნელობის პერსპექტივებს, რომლებიც უკავშირდება 2013 წლის ვილნიუსის სამიტზე მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ან მის პარაფირებას.

ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების შესაძლებლობებს, რაც ამას წინათ გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის უმაღლეს ოფიციალურ პირთა მიერ. აღნიშნული გააღრმავებდა საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან და გასცდებოდა მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის მომტან ფორმატს, უზრუნველყოფდა რა ეფექტურ სვლას სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისა და ინსტიტუტების შექმნისკენ და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისკენ. თუმცა, ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ უწყვეტი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გამო, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მისამართით, რაც დადასტურდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის მოულოდნელი გადაწყვეტილებით რუსეთის მიერ ინიცირებულ ევრაზიულ საბაჟო კავშირთან მიერთების შესახებ და მუდმივი განცხადებებით იმის თაობაზე, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პროექტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმება ურთიერთთავსებადია. რუსეთის სამხედრო შენაერთების ქმედებები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, რაც ოჯახებისა თუ კერძო და საერთო მეურნეობათა გამყოფი, დაუძლეველი ბარიერების აგებაში გამოიხატება, რაც აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და რამაც განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო 2013 წლის მაისიდან და რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული ზეწოლის მკაფიო მაგალითია.

ევროკომისრის, შტეფან ფულეს განცხადების კვალდაკვალ, ჩვენ ვაცხადებთ, რომ „მიუღებელია რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მუქარა ევროკავშირთან შეთანხმებების შესაძლო ხელმოწერასთან დაკავშირებით“ და რუსეთმა პატივი უნდა სცეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს.

საქართველოს თვალთახედვით, საკითხი ეხება არა მხოლოდ ასოცირების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს, არამედ ზოგადად, რუსეთის მცდელობებს, შეაფერხოს საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესი, რაც მიმართულია კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების შენების და საქართველოში (აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში) კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობისკენ. ამდენად, პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, და უკავშირდება საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოების საკითხს. ქართველმა ხალხმა მოიპოვა ევროპული მომავლის უფლება და სურს სრულად განთავისუფლდეს საბჭოთა წარსულისგან. 

მეორე მხრივ, რუსეთის ფედერაციის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანების მიზნით განხორცილებული ზეწოლა არ ემყარება დემოკრატიულ ფასეულობებსა და პირობებს და ამდენად, არ შეიძლება ჩაითვალოს წამახალისებელ სტიმულად ქვეყანაში რეფორმების განხორციელებისთვის. 

ჩვენ მოვუწოდებთ:

• ევროკავშირს, დაადასტუროს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ინიცირების ურყევი მხარდაჭერა ვილნიუსის სამიტზე;

• საქართველოს მთავრობას, ღიად დაადასტუროს და გაააქტიუროს მუშაობა ევროკავშირთან და წევრ ქვეყნებთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარების მიზნით 2014 წლის გაზაფხულის დასასრულამდე და შემდგომ, მისი უმოკლეს ვადებში რატიფიცირებისთვის;

• საქართველოს მთავრობას, სიფრთხილით მოეკიდოს ევრაზიულ საბაჟო კავშირთან დაკავშირებით ბუნდოვანი განცხადებების გაკეთებას, რაც იწვევს გაუგებრობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. 

• ევროკომისიას, ევროპარლამენტს და წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების უმოკლეს ხანში ხელმოსაწერად, შეთანხმების პრაქტიკული ამოქმედების მიზნით; 

• ევროკავშირს და მის ინსტიტუტებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ განხორციელებულ ზეწოლას და შეიმუშავონ კონკრეტული ეფექტური ზომები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – და მათ შორის, საქართველოს – მხარდასაჭერად.


განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული პლატფორმა შეშფოთებას გამოთქვამს იმ „უწყვეტი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გამო, რასაც რუსეთი ახორციელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მისამართით.“ 


დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან ბორის იაროშევიჩი – ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დილიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი