ახალი ამბები

სახალხო დამცველი: შსს–ს თანამშრომელმა ომბუდსმენის აპარატს დაბრკოლება შეუქმნა

30 სექტემბერი, 2013 • 1235
სახალხო დამცველი: შსს–ს თანამშრომელმა ომბუდსმენის აპარატს დაბრკოლება შეუქმნა

საქმე ეხება 2013 წლის 13 სექტემბერს ქალაქ ბათუმში შსს–ს თანამშრომლების მიერ ჩეჩენი ეროვნების მოქალაქის, იუსუფ ლაკაევის დაკავების ფაქტს, რომლის დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა როგორც დაკავებული ლაკაევი, ასევე, პოლიციის თანამშრომელი და ერთი გამვლელი.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში ნათქვამია, რომ 15 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებული, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტთან ერთად, იმყოფებოდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრილი ბრალდებულის, იუსუფ ლაკიევის მოსანახულებლად, თუმცა სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა პირმა, ლაშა ჯაყელმა, რომელიც, მისივე განმარტებით, შსს–ს თანამშრომელი იყო, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პალატაში შესვლის უფლება არ მისცა:

“იმავე დღეს, 22:40 საათზე საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტთან ერთად,  შეხვდა ი. ლაკიევის მკურნალ ექიმს, რომელმაც აღნიშნა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მასთან საუბარი შესაძლებელი იყო. ექიმი გასაუბრების შეზღუდვის საფუძველს ვერ ხედავდა.

საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. ომბუდსმენის აპარატი შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი