ბიძინა ივანიშვილის თქმით, მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს რკინიგზის გამტარიანობა:
“საერთო სიმძლავრე უნდა გავზარდოთ, რომ რკინიგზის გამტარიანობა 100 მილიონ ტონამდე ავიყვანოთ”, – განაცხადა მან.
პრემიერის თქმით, შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელსაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა და რომელიც შეაჩერა ახალმა მთავრობამ, 25%-ით ამცირებდა საქართველოს რკინიგზის გამტარიანობას. ამას გარდა, ივანიშვილის თქმით, ამ სფეროში განხორციელებულ პროექტებში იყო გაუგებრობა, რის მაგალითადაც მან დაასახელა გვირაბების მშენებლობა, რომელიც, როგორც ივანიშვილმა თქვა, ცალმხრივი იყო და ამის გამო – არაეფექტური:
“ჩვენ ამ პროექტებს მოვიყვანთ ეკონომიკის ჭკუაზე”, – განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, თანაინვესტირების ფონდში მონაწილეობისთვის, იგი პირადად შეხვდა იმ ბიზნესმენებს, რომლებმაც ამ ექვსმილიარდიან ფონდში კაპიტალი ჩადეს, რისთვისაც ივანიშვილმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ფონდის მენეჯმენტი იქნება გამჭვირვალე და ღია.
თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა, ასევე, ისაუბრა კიდევ ორ ფონდზე, კერძოდ, ინოვაციური პროექტების ფონდსა და სუვერენულ ფონდზე, რომელიც საპარტნიორო ფონდის ბაზაზე ჩამოყალიბდება:
“სამივე ფონდის დაფუძნება აუცილებლად დამატებით სტიმულს მიცემს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების შემოდინებას”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ინვესტიციების შემოდინებისთვის ეს ფონდები არ იქნება საკმარისი და აუცილებელია, რომ ქვეყანაში იყოს ეკონომიკური სტაბილურობა, ბიზნესი იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ხელშეუხებელი.
ივანიშვილის თქმით, ის უახლოეს დღეებში აპირებს ბიზნესმენეთან შეხვედრას:
“ყველამ უნდა გაიგოს, რომ ბიზნესმენები და მათი კაპიტალი საქართველოში უნდა იყოს დაცული”, – აცხადებს ივანიშვილი.







