როგორც წიგნის ავტორი ამბობს, წიგნი „რადიო თავისუფლების“ ბლოგზე დაწერილი პოსტების ერთგვარი გადათამაშებაა და ის დღევენდელობის აღქმის ინტერპრეტაციას წარმოადგენს:
„წიგნის საფუძვლად გამოვიყენე ჩემი ტექსტები, რომლებიც რადიო „თავისუფლების“ ბლოგზე გამოქვეყნდა. მხოლოდ არის თავიდან ბოლომდე გადამუშავებული და განვრცობილი. აღარ არის იმ სახით მოცემული, როგორიც იყო, თავიდან ბოლომდე ორიგნალური ტექსტებია. ეს არის დღევანდელობის გაგების ინტერპრეტაცია. „
მაისურაძე მიიჩნევს რომ დღევანდელობა მართლმადიდებლურ ეთიკაზე, უფრო სწორად კი ამ ეთიკის არარსებობაზე დგას. მისივე აზრით, მორალი რელიგიურმა რიტუალმა ჩააჩოჩა:
„რეალურად, ჩვენთან ეთიკური მომენტი აღარ არსებობს, საზოგადოებას მორალი აღარ გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ მორალური პრინციპები, ეთიკური ღირებულებები გამქრალია და ჩანაცვლებულია მართლმადიდებლური რიტუალით. ადამიანები, რომლებიც იცავენ გარკვეულ წესებს, მონაწილეობენ გარკვეულ რიტუალებში, ანთებენ სანთლებს, ჰყავთ მოძღვარი, იცავენ მარხვებს და ჰქონიათ, რომ ამის გამო კარგი ადამიანები არიან, ზნეობრივი ადამიანები არიან და მთელი წიგნის ამოსავალი პრინციპი ის არის, რომ რეალურად ამ ჩანაცვლებამ ჩვენი ცნობიერებიდან განდევნა მორალი, განდევნა ზნეობა, ეთიკა განდევნა. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელსაც აღარანაირი მორალური და ეთიკური ღირებულებები გააჩნია. „
ავტორის წარმოდგენით, ლიტერატურის და ზოგადად კულტურის როლი ხშირად გადაჭარბებულად აღიქმება, რადგან ლიტერატურა მაინც საზოგადოების ვიწრო წრეებში ტრიალებს და გავლენაც ასეთვე ვიწრო წრეებზე აქვს. მაისურაძე ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ვიწრო წრეები ქმნიან კულტურულ ამინდს ქვეყნაში და მენტალობაზე აქვთ ზეგავლენა:
„მაგრამ იმდენად შემცირებულია მკითხველთა რაოდენობა, რომ კიდევ უფრო ვიწრო წრეში ტრიალებს ლიტერატურა. კითხვის კულტურა იმდენად დაქვეითებულია საქართველოში, რომ არა თუ სტატიებს, ან ბლოგებს ნაკლებად კითხულობს ხალხი, არამედ ძირითადად რასაც კითხულობენ გაზეთის პირველი გვერდზე გამოტანილი ფრაზები და ფეისბუქის სტატუსებია. ძალიან სერიოზული პრობლემაა, ის რომ ჩვენ გავიზარდეთ ილუზიით, რომ წიგნიერი ხალხი ვართ, რეალურად კი წიგნებს აღარ ვკითხულობთ და თუ არ მოხდა ცოდნის განახლება კითხვის მეშვეობით, კულტურის ის ნაშთებიც ინგრევა, რომლებიც შემოგვრჩა. ლიტერატურა, რომ იყოს ეფექტური და მას შეეძლოს საზოგადოებასთან კავშირის დამყარება, ეს საზოგადოება უნდა კითხულობდეს.“
გიორგი მაისურაძის თქმით, მართალია მკითხველმა ლიტერატურას უღალატა, თუმცა ამაში ავტორის ბრალეულობაც მნიშვნელოვანია. კერძოდ, მაისურაძე აცხადებს, რომ ტექსტები, რომლებიც დღეს საქართველოში კეთდება უმეტესად არააქტუალური და ყოველგვარ ლიტერატურულ ღირებულებას მოკლებულია:
„ძირითად ლიტერატურის ხარისხი, რომელიც დღეს იქმნება, იმდენად დაბალი არის, რომ არც უნდა მოვთხოვოთ რაღაც ჯადოსნური ძალების ფლობა. არა მარტო საზოგადოების ბრალია, რომ აღარ კითხულობს წიგნებს, არამედ იმ ადამაინებისაც, ვინც წერს ამ წიგნებს და ეს ნაწარმოებები დაბალი ხარისხისაა, პირდაპირ ვთქვათ, ძირითადად ყოველგვარ აქტუალობას და ლიტერატურულ ღირებულებას მოკლებულია. ამას ხშირად ვამართლებთ იმით, რომ ჩვენ ვართ პატარა ხალხი და ჩვენ ლოკალური თემები გვაქვს და ამდენად ჩვენ ვერ გვაფიქსირებს მსოფლიო და ა.შ. მაგრამ მსოფლიოში, პატარა ენობრივ გარემოსა თუ დიდ ენობრივ გარემოში როცა რამე ფასეული იქმნება, არ იკარგება. იმის დაბრალება, რომ ქართული ენა პატარაა და არავინ გვიცნობს და სინამვილეში აქ რაღაც გიგანტური პროცესები მიმდინარეობს, ლიტერატურული ან კულტურული თვალსაზრისით, არ იქნება მართალი.
სწორედ განათლების დეფიციტს უკავშირებს გიორგი მაისურაძე ეკლესიის აღზევებას და გაბატონებას. მაისურაძე კულტურისა და განათლების გამოთავისუფლებულ სივრეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს უკეთესი ადგილები ეკლესიამ მიითვისა:
„ეკლესიის წარმატება შეგვიძლია პირდაპირ დავუკავშიროთ კულტურის და განათლების დაცემას და დაცემის შედეგი არის აგრეთვე მენტალური უკუსვლა. გონებრივი უკუსვლის პროცესი შეგვიძლია დავინახოთ დღევანდელ საქართველოში. ასეთ პირობებში, შესაძლებელი ხდება, რომ ეს გამოთავუფლებული სივრცე დაიკავოს ისეთმა საეჭვო შინაარსის ორგანიზაციამ, როგორიც არის ეკლესია. ეკლესიას აქვს პრეტენზია, რომ ის არის სულიერების წარმომადგენელი. სულიერების გაგება ეკლესიაში დაყვანილი არის ზემოთ ნახსენებ რიტუალების შესრულებაზე, მარხვა, მოძღვრის ყოლა, წირვაზე დასწრება, ზიარება და ა.შ და ეს ასევე იმის ილუზიას ქმნის, რომ ჩვენ ვართ სულიერები, რამდენადაც დავდივართ ეკლესიაში, მაგრამ ამას რეალურად არაფერი საერთო არ აქვს სულიერებასთან , არც კულტურულობასთან , არც განათლებულობასთან, პირიქით, გამოთავისუფლებული სივრცის დაკავება მოხდა ეკლესიის მხრიდან, რომელიც განათლებულობამ კულტურულობამ დათმო. ეს სივრცე დაიკავა ეკლესიამ და შესაბამისად მას მიეწოდა კულტურის, სულიერების სუროგატი, რომელიც სულიერების სამოსითაა შემოსილი მაგრამ სინამდვილეში მას სულიერებასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის მასების მანიპულაციის ყველაზე ეფექტური საშუალება საქართველოში. „
ეკლესიის დღევანდელობის ინტერპრეტირებისას მაისურაძე ბრეჟნევის ეპოქაზე საუბრობს. მისივე სიტყვებით, ეკლესია ტოტალურად კორუმპირებული სისტემაა, ხოლო სასულიერო ფენა ერთგვარ პრივილიგირებულ კასტად ჩამოყალიბდა; მღვდლები განათლების და შრომის გაყიდვის გარეშე მდიდრდებიან. ამ მდგომარეობიდან გამოსავალს მაისურაძე განათლების საყოველთაოობაში ხედავს:
“ეკლესია მაგონებს ბრეჟნევის ეპოქას, უძრაობის ხანას. გარეგნულად ვითომც და რაღაც იდეალებზე მდგარი, სინამდვილეში ეს არის ტოტალურად კორუმპირებული სისტემა. არსებობს სამღვდელოება როგორც სოციალური ფენა, რომელსაც არც მუშაობა არ სჭირდება, არც სწავლა, არც განათლება, ხდები მღვდელი და შესაბამისად ღებულობ უზრუნველ ცხოვრებას. მდიდარი ხდები ხელის განძრევის გარეშე. ეკლესიის ეს აგრესიულობაც, რომ გინდა თუ არა უნდა იყო მორწმუნე, თუ არა და ჯოჯოხეთში მოხვდები, ამგვარი წარმოდგენები არის იმის საშუალებაც, რომ სამღვდელოებას იყოს უზრუნველყოფილი პრივილეგირებული მდგომარეობით. ადამიანები თუ დაიწყებენ ფიქრს, მსჯელობას, მიიღებენ განათლებას, სამღვდელოება დაკარგავს პრივილეგიას. ასეთ შემთხვევაში, იმ პრიმიტიულ წარმოდგენებს რომლებსაც ეკლესია გვთავაზობს, დაეკარგებათ ძალა. თუ განათლებული საზოგადოება, მოაზროვნე საზოგადოება გაჩნდა და მათი სიმრავლე დიდი იქნა, ეკლესია დაკარგავს თავის ძალაუფლებას. “




