ახალი ამბები

მოქალაქეთა ნაწილმა დვანში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა გააპროტესტა

29 სექტემბერი, 2013 •
მოქალაქეთა ნაწილმა დვანში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა გააპროტესტა

“როდესაც შენ თვალწინ საზღვარს  უბრალოდ გიწევენ, მე მგონი, ღირსება ცოტათი მაინც უნდა შეგელახოს. გუშინ ბატონმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის გამოცდა, მაინტერესებს ვინ აწყობს გამოცდას, ვინ არიან გამომცდელები და აბიტურიენტები და ეს  ევრაზიულ კავშირში მისაღები გამოცდები ხომ არ არის?”–განაცხადა გიორგი ჭანტურიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა. 

 

დღევანდელ აქციაზე, სოფელ დვანში იმყოფებოდა ორგანიზაცია “საქართველო არ იყიდება” თავმჯდომარე გიგა ნასარიძე.  

 

მცოცავი ოკუპაცია გუშინ, 28 ოქტომბერს ჟურნალისტებმაც გააპროტესტეს. 22 სექტემბერს დაწყებული საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შესდეგად 3 ოჯახის სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა ხვდება.  ჟურნალისტების აქცია აღნიშნული 3 ოჯახის სახლების დემონტაჟის ფონზე მიმდინარეობდა. 

 

ჩვენ რუსეთის მიერ საქართველოს მცოცავ ანექსიას ვაპროტესტებთ. მიმაჩნია, რომ ყველა, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, აქ უნდა იდგეს დღეს და უნდა აპროტესტებდეს, რაც ხდება. ერთი კითხვა დავსვი და თქვენთანაც უნდა გავიმეორო. სად არის ის უამრავი კუნთმაგარი ბიჭი, იგივე 17 მაისს რომ გამოდიოდა ეროვნული ღირებულებების დასაცავად? რაღაც პატრიოტული და ეროვნული ფასეულობების დასაცავად? აქ უნდა იდგნენ დღეს ისინი. ეს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენი ვალია ყველამ ერთად გავაპროტესტოთ”- განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში, ატოცსა და დვანში მიმიდნარე “საზღვრის მონიშვნის” პროცესმა უკვე 10–12- კილომეტრიან ხაზს მიაღწია. მავთულხლართებით გაკეთებული ღობეების შედეგად ცხინვალის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთები და სოფელ დვანის სარწყავი სისტემა. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ რაიონში რუსმა მესაზღვრებმა მავთულხლართები არა მხოლოდ მიწაზე, არამედ მდინარეზეც გააბეს.

 

მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ძალებმა  2011 წლის აპრილის თვეში დაიწყეს, შსს–ს ინფორმაციით, მისი ინტენსიფიკაცია 2013  წლის თებერვლში შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში მოხდა.

 

დღევანდელი აქცია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაიგეგმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი