დღევანდელი აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლეა”, რომელსაც იური ვაზაგაშვილი ხელმძღვანელობს. იური ვაზაგაშვილი სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურა ვაზაგაშვილის მამაა:
“დღევანდელი აქცია იყო ხალხის მოთხოვნა, 5–6 თვეა მოდიან ჩვენთან ორგანიზაციაში, ვინაიდან პრობლემაა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია. არჩევნებიდან არჩევნებამდე ხელისუფლებას ამომრჩეველი ავიწყდება. ეს ხელისუფლება მართლა ხალხის მოყვანილი ხელისუფლებაა და ითხოვს დანაპირების ასრულებას, რომელიც იყო სამართლიანობის აღდგენა. 25 000–მდე საჩივარია პროკურატურაში და არცერთი საქმე არაა ბოლომდე მიყვანილი”– განაცხადა იური ვაზაგაშვილმა
სიტყვით გამოსვლის დროს აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ დღევანდელი აქცია ხალხს ეკუთვნის და მასში პოლიტიკოსები არ მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა აქციაზე პარლამენტარები, ნუკრი ქანთარია და სოსო ჯაჭვლიანი მივიდნენ:
“აქ ხალხი მოსულია იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს, ეს ძალიან ფაქიზი თემაა, ათი ათასობით საქმეა შესული პროკურატურაში და ეს ყველაფერი დროში იწელება. როგორც ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ბრძანა, 27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება, მაგრამ მე ვამატებ, რომ სოსო ჯაჭვლიანი კოჰაბიტაციაში არასდროს არ იყო შესული. სოსო ჯაჭვლიანი არასდროს შეეგუება უსამართლობას. აქ უამრავი გარდაცლილი ადამიანის სული ტრიალებს. ხალხი ყოველთვის მართალია” –განაცხადა ჯაჭვლიანმა.
აქციის მთავრი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა, რომელიც, ორგანიზატორების აზრით, სათანადოდ არ მიმდინარეობს. დღეს ასევე ითქვა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. აქციაზე მისულები საგამოძიებო სტრუქტურებში წინა ხელისუფლების კადრების ყოფნასაც აპროტესტებდნენ.
ორგანიზატორებმა ხელისუფლების მისამართით კონკრეტული კითხვებიც დასვევს, მაგალითად, როდის დაიწყება დაპირებული სამართლიანობის აღდგენა, ან დადგება თუ არა მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი; ორგანიზატორებს ასევე აინტერესებთ, როდის შეაფასებენ პოლიტპატიმრების საქმეებს სრულფასოვანად და სხვა.
აქციის დასასრულს კი მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის და დავით ბაქრაძის ფიტულები დაწვეს.











