ახალი ამბები

გრეგორი კარასინი ჟურნალისტების აქციას საქართველოს ხელისუფლების წამოწყებად მიიჩნევს

29 სექტემბერი, 2013 •
გრეგორი კარასინი ჟურნალისტების აქციას საქართველოს ხელისუფლების წამოწყებად მიიჩნევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბარი კარასინსა და ლეფორს შორის პარასკევს, 27 სექტემბერს შედგა.  ჟურნალისტების საპროტესტო აქცია სოფელ დიცში, “არა მცოცავ ოკუპაციას” 28 სექტემბერს გაიმართა. 

 

“საუბრისას გრეგორი კარასინმა განაცხადა, რომ ჟურნალისტების საპროტესტო აქციით ქართული მხარე უპასუხისმგებლოდ აგრძელებს დაძაბულობის გაღვივებას სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში. რუსეთის მხარე მთლიანად იზიარებს შეშფოთებას, რომელიც სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა აღნიშნულ აქციასთან დაკაშირებით. გრეგორი კარასინმა მოუწოდა  სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელს ფილიპ ლეფორს, მიმართონ ძალისხმევა რათა თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ხელისუფლების სახიფათო წამოწყება და  უსაფრთხოებასა და რეგიონში სტაბილურ სიტუაციაზე უარყოფითი გავლენა, რომელზეც პასუხისმგებლობა ორგანიზატორებს ეკისრებათ”-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფილიპ ლეფორის პასუხის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. 

 

შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს, სოფელ დიცში, იქ სადაც მავთულხლართების მონტაჟი მიმდინარეობს, მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს. 

 

“ჩვენ რუსეთის მიერ საქართველოს მცოცავ ანექსიას ვაპროტესტებთ. მიმაჩნია, რომ ყველა, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, აქ უნდა იდგეს დღეს და უნდა აპროტესტებდეს, რაც ხდება. ერთი კითხვა დავსვი და თქვენთანაც უნდა გავიმეორო. სად არის ის უამრავი კუნთმაგარი ბიჭი, იგივე 17 მაისს რომ გამოდიოდა ეროვნული ღირებულებების დასაცავად? რაღაც პატრიოტული და ეროვნული ფასეულობების დასაცავად?აქ უნდა იდგნენ დღეს ისინი. ეს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენი ვალია ყველამ ერთად გავაპროტესტოთ”- განაცხადა ჟურნალისტმა ინგია გრიგოლიამ.

 

ჟურნალისტებმა აქციის დროს საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს. 

 

22 სექტემბერს შიდა ქართლის ერთ–ერთ სოფელ დვანში საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართების ინსტალაცია გაანაახლეს.

 

როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე აცხადებს, საოკუპაციო ძალებს 10 ჰექტრამდე მიწა აქვთ მითვისებული:

 

” ამ დროისთვის გადმოწეულები არიან 400 –500 მეტრით და 10 ჰექტრამდე სოფლის მიწა აქვთ მითვისებული, რა ქნას სოფელმა?!”– განაცხადა კობერიძემ.

 

“საოკუპაციო ხაზის” გადმოწევის დროს 3  ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლი ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში ხვდება.  ჟურნალისტების აქცია მაცხოვებლების სახლების დემონტაჟის პარალელურად მიმდინარეობდა. 

 

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში, ატოცსა და დვანში მიმიდნარე “საზღვრის მონიშვნის” პროცესმა უკვე 10–12- კილომეტრიან ხაზს მიაღწია. მავთულხლართებით გაკეთებული ღობეების შედეგად ცხინვალის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთები და სოფელ დვანის სარწყავი სისტემა. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ რაიონში რუსმა მესაზღვრებმა მავთულხლართები არა მხოლოდ მიწაზე, არამედ მდინარეზეც გააბეს.

 

მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ძალებმა  2011 წლის აპრილის თვეში დაიწყეს, შსს–ს ინფორმაციით, მისი ინტენსიფიკაცია 2013  წლის თებერვლში შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი