“ჩვენ ამას ყველანი ვაფიქსირებთ ჩვენს გადაცემებში, გაზეთებში, ჟურნალებში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მოქალაეობრივი პოზიციაა, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ, ოკუპანტების დასანახად უნდა დავაფიქსიროთ ის, რომ საქართველოს მოქალაქეები, ჟურნალისტები, ერთობლივად აპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას, ოკუპაციის ახალ ზონას და არც ერთი მეტრის დათმობას ქართველი ერი არ აპირებს”- განაცხადა ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ.
ჟურნალისტ ვახტანგ ხუზმიაშვილის განცხადებით, აქცია დაგვიანებულია და ჟურნალისტები მავთულხლართების დამონტაჟების დღიდან უნდა ჩასულიყვნენ ადგილზე და მაშინვე გაეპროტესტებინათ მიმდინარე პროცესები.
“ჩვენ რუსეთის მიერ საქართველოს მცოცავ ანექსიას ვაპროტესტებთ. მიმაჩნია, რომ ყველა, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, აქ უნდა იდგეს დღეს და უნდა აპროტესტებდეს, რაც ხდება. ერთი კითხვა დავსვი და თქვენთანაც უნდა გავიმეორო. სად არის ის უამრავი კუნთმაგარი ბიჭი, იგივე 17 მაისს რომ გამოდიოდა ეროვნული ღირებულებების დასაცავად? რაღაც პატრიოტული და ეროვნული ფასეულობების დასაცავად?აქ უნდა იდგნენ დღეს ისინი. ეს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენი ვალია ყველამ ერთად გავაპროტესტოთ”- განაცხადა ჟურნალისტმა ინგია გრიგოლიამ.
ჟურნალისტებმა აქციის დროს საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.
შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს, შიდა ქართლის ერთ–ერთ სოფელში, დვანში, საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართების ინსტალაცია გაანაახლეს.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე აცხადებს, საოკუპაციო ძალებს 10 ჰექტრამდე მიწა აქვთ მითვისებული:
” ამ დროისთვის გადმოწეულები არიან 400 –500 მეტრით და 10 ჰექტრამდე სოფლის მიწა აქვთ მითვისებული, რა ქნას სოფელმა?!”– განაცხადა კობერიძემ.
“საოკუპაციო ხაზის” გადმოწევის დროს 3 ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლი ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში ხვდება. ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, მათ ერთდღიანი ვადა მისცეს ტერიტორიის დასატოვებლად, რომელიც დღეს ამოიწურა. ჟურნალისტების აქცია მაცხოვებლების სახლების დემონტაჟის პარალელურად მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში, ატოცსა და დვანში მიმიდნარე “საზღვრის მონიშვნის” პროცესმა უკვე 10–12- კილომეტრიან ხაზს მიაღწია. მავთულხლართებით გაკეთებული ღობეების შედეგად ცხინვალის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთები და სოფელ დვანის სარწყავი სისტემა. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ რაიონში რუსმა მესაზღვრებმა მავთულხლართები არა მხოლოდ მიწაზე, არამედ მდინარეზეც გააბეს.
მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ძალებმა 2011 წლის აპრილის თვეში დაიწყეს, შსს–ს ინფორმაციით, მისი ინტენსიფიკაცია 2013 წლის თებერვლში შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში მოხდა.




