
საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ენას დაცვაც სჭირდება და მისი პოპულარიზაციისკენაც არის ნაბიჯები გადასადგმელი:
“ენას მართლაც ჭირდება დაცვაც და, ასე ვთქვათ, მისი პოპულარიზაციისთვისაც არის გადასადგმელი ნაბიჯები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა ეხებოდეს წახალისებას, პოპულარობის გაზრდას, მეცნიერთა დაფინანსებას, იმ ხალხის დაფინანსების გაზრდას, ვინც არაქართულ მოსახლეობასთან მუშაობს და ასწავლის. აგრეთვე, თავად ამ არაქართული მოსახლეობაში მოტივაციის გაზრდას, რაც იგულისხმება, რომ, ვთქვათ, წინა წლებში იყო მიღებული კანონი, რომლის თანახმადაც უმაღლეს სასწავლებელში აბარებდნენ თავის ენაზე და შემდეგ 1 წლის განმავლობაში შეეძლოთ უფასოდ ესწავლათ ქართული და ჩაებარებინათ. ასე რომ, ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება იმუშაობას, ასე ვთქვათ, ქვეყანამ”.
მისი თქმით, პოპულარიზაციის ერთ-ერთი მაგალითი თურქეთში ქართულენოვანი მოსახლეობის მიმართ ყურადღებაა: ” აი, თურქეთში ქართულენოვანი მოსახლეობაა, მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა მათ გადასცა საქართველოს მოქალაქეობა და ისინი არიან ამ კულტურის მატარებლები. ვფიქრობ, რომ სწორედ მოტივაციის გაზრდა, დახმარება, ისევე როგორც ფინანსური, ასევე სხვა სახის დახმარება არის საჭირო და არა ინსპექტირება, დასჯა და, ასე ვთქვათ, პირიქით -აგრესიის გაჩენა, არაადეკვატური აგრესიის გაჩენა. “
სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტით განსაზღვრული ჯარიმები სრული გაუგებრობა და სიგიჟეა:
“რაც შეეხება საერთოდ მედიის, მედიაზე, ასე ვთქვათ, მედიის სანქციებს და საერთოდ სანქციებს, რომელიც ასევე არაადეკვატურია, აქ საერთოდ აბსურდთან გვაქვს საქმე. ვთქვათ, პირდაპირ მედიის წინააღმდგ მიმართული კანონი არის და, ასე ვთქვათ, გარკვეული ცენზურა არის, რომელიც, მე ვფიქრობ, ძალიან სერიოზულად, პრობლემურად, პრობლემური იქნება მედიისათვის და 1000-დან 5 ათასამდე ჯარიმა და განმეორების შემთხვევაში – 10 ათასი, სრული, ასე ვთქვათ, სრული გაუგებრობა და სიგიჟეა. “
საქართველოს პარლამენტში შევიდა “სახელწმიფო ენის” შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ცვლილებებს იწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიზანი “სახელმწიფო ენის დაცვა და განვითარება, ასევე, სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ენის გამოყენების კონტროლია. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია, ზედამხედველობა გაუწიოს ენის მოთხოვნათა გამოყენებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ. ცვლილებების პროექტის მიხედვით, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ჯარიმა პირველ ჯერზე 1 000-დან 5 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარამდე იზრდება.




