მამედოვი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ნარკოდანაშაულში, ეთნიკური შუღლისა გაღვივებასა და ღალატში. მამედოვი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, აცხადებს, რომ არ აპირებს შეწყალების თაობაზე შესაბამის ორგანოებს განცხადებით მიმართოს.
ჟურნალისტის საქმის გამოძიების მიმდინარეობის გამო გასულ წელს შეშფოთება გამოთქვა „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტმა“, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მამედოვი აზერბაიჯანის ხელისუფლების რეჟიმის კრიტიკის, უფლებადაცვითი საქმიანობის, საკუთარი პოზიციის აქტიურად გამოხატვისა და ამით მოსახლეობაში გავლენის გაზრდის გამოა დაკავებული“.
ჰილალ მამედოვის საქმე ქვეყნის გენერალურ პროკურატურას გადაეცა, რომელმაც დაკავებულს ახალი ბრალდებები წაუყენა. მას ბრალი სახელმწიფოს ღალატის, ნაციონალური, რასისტული, სოციალური და რელიგიური შუღლის, მტრობისა და ეთნიკური დისკრიმინაციის მუხლით წაუყენეს.
ბაქოელი უფლებადამცველები და თავისუფალი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მამედოვის დაკავების საქმე მის მიერ ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ცნობილ ვიდეორგოლს „Ты кто такой, давай до свидания!“-ს უკავშირდება, რასაც თავად დაკავებულიც იზიარებს.
აზერბაიჯანულმა შაირობის მაგვარმა ფოლკლორული მოტივების სიმღერამ არნახული პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტში, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ექსპრომტად შექმნილი შაირი ერთ-ერთ ქორწილში ძმებმა რუსტამოვებმა შეასრულეს. სიმღერის მთავარი ფრაზა ძალიან პოპულარული გახდა, მას მოსკოვში პუტინის საწინააღმდეგო აქციებზეც იყენებდნენ, ხოლო ვიდეორგოლის ინტერნეტსივრცეში განმთავსებელ „თალიშთა“ კულტურული ცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელსა და გაზეთ “თალიშის ხმის“ მთავარ რედაქტორს სწორედ ამიტომ დაატყდა კრემლისა და ალიევის ხელისუფლების რისხვა.





