
საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს ცვლილებებს “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესის შესახებ” საქართველოს კანონში.
კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები ირინე იმერლიშვილი და ზურაბ აბაშიძე, რომლებიც წარმოადგენენ კოალიციას “ქართული ოცნება”. მათი განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა, რათა შევსებულ იქნას საქართველოს კონსტიტუციით ისედაც განსაზღვრული შეზღუდვა.
საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით- ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების, ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
ირინა იმარლიშვილის თქმით, მისი და ზურაბ აბაშიძის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა კონსტიტუციის ამ მუხლში არსებული ჩანაწერის შესაბამის ორგანულ კანონში გადმოტანას გულისხმობს და რაიმე ახალი რეგულაციის შემოღებასთან საქმე არ გვაქვს:
“ახალი არაფერი წესდება. ზუსტად ერთი- ერთში გადმოგვაქვს კონსტიტუციის ნორმა კანონში. თუმცა ჯერ კომიტეტზე არ გვიმსჯელია და თუ საჭირო გახდა, შეიძლება დეტალებიც დავაზუსტოთ და პროცედურების გაიწეროს. ახლა სასწრაფო წესით არ განვიხილავთ. ეს ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებას უკავშირდება.”
ამჟამად მოქმედი რედაქციით, საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებია:
ა) თუ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
ბ) თუ წარმოადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს;
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში შეზღუდვის ამ საფუძვლებს დაემატება “სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე”.
საია მიიჩნევს, რომ ეს პუნქტი ძალიან ზოგადია და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკს წარმოადგენს:
“უფლების შეზღუდვის საფუძველი უნდა იყოს ძალიან ვიწრო, რადგან მოქალაქეს შეეძლოს იმის განჭვრეტა, თუ რა შედეგი მოჰყვება მის მიერ კონკრეტული ქმედების განხორციელებას. წარმოდგენილი კანონპროექტი ამის საშუალებას არ იძლევა. პირიქით, ის აძლევს ძალიან დიდ სივრცეს სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე, გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებს თვითნებობისაკენ და რეალურად ძალიან რთული იქნება იმის განსაზღვრა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად იქნება გამოყენებული გაზრდილი ძალაუფლება”, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა.
მისი თქმით, გასულ წლებში საია იცავდა არაერთი პირის ინტერესებს სასამართლოში და ხშირად მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებაზე პრობლემა პოლიტიკური მიზეზით ჰქონდათ.
“მაშინ შესაძლებელი იყო ამ უარის უკანონობის მტკიცება სასამართლოში. ახლა კანონპროექტის წარმოდგენილი სახით ფორმირება არავითარ საშუალებას აღარ დაუტოვებს მოქალაქეებს სასამართლოს წესით უფლების დაცვისა, ვინაიდან კარგად ვიცით ადგილობრივი კონტექსტი და გამოცდილება. როდესაც საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, უშიშროებაზე, ასეთ შემთხვევებში ძალიან დიდია ცდუნება იმისა, რომ რომ გაასაიდუმლოონ მათთან დაკავშირებული ინფორმაცია და რეალურად შესაძლებელია მოქალაქემ საერთოდ ვერ მიიღოს განმარტება იმაზე, თუ რა ჩაიდინა მან ასეთი, რომ დაბრკოლდა მისი გაშვება საზღვარგარეთ”.
თათული თოდუას იმედი აქვს, რომ პროექტს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს:
“ ჩანაწერი იმდეანად ბუნდოვანია და იმდენად საშიშია, რომ მოქალაქეებს უფლების სამართლებრივი წესით სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაც არ ექნებათ. იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს”.




