ახალი ამბები

ილია მეორემ ჟიული შარტავა სიკვდილის შემდეგ წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა

27 სექტემბერი, 2013 •
ილია მეორემ ჟიული შარტავა სიკვდილის შემდეგ წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა

ჟიული შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. იგი 1993 წელს,  სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.

 

ილია მეორემ დღევანდელი ქადაგების დროს აფხაზეთის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა,  ვინც ომში მონაწილეობდა, წაგებული დარჩა:

 

“არის ისეთი ისტორიული მოვლენები, რომელიც არ იცი, როგორ შეაფასო, როგორც დღესასწაული, თუ როგორც ტრაგედია. დღეს ჩვენ აღვიშნავთ ასეთ დღეს, როცა დაეცა სოხუმი და აფხაზეთი. ვინ არის გამარჯვებული? არავინ არ არის, ყველა წაგებულია, საქართველოც, აფხაზეთიც, რუსეთიც და ყეელა, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ ტრაგედიაში.  11 წელი ვიყავი ცხუმ–აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტრპოლიტი და არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, გაუგებრობა ყოფილიყოს აფხაზებსა და ქართველებს შორის. იყო სიყვარული, აფხაზები მიდიოდნენ ქართველებთან, ქართველები მიდიოდნენ აფხაზებთან და ეს იყო ნამდვილი ერთი ოჯახი, ერთი სული და ერთი ხორცი”– განაცხადა ილია მეორემ.

 

მისივე თქმით,  ეშმაკს შეშურდა ქართველების და აფხაზების ერთობა:

 

“მინდა ვთქვა, რომ დღესაც ზოგიერთი ცდილობს ეკლის ხლართები და ბეტონის ღობეები თუ გალავნები ააშენოს აფხაზებსა და საქართველოს შორის, ან ოსებსა და საქართელო შორის, მაგრა ეს ყველაფერი ამაოა. ქართველი ადამიანი და აფხაზი და ოსი, ჩვენ ვგრძნობთ, ვიცით, შინაგანად ვაანალიზებთ, რომ ამას აკეთებს მტერი და შედეგი ექნება ის, რომ  მტერი წაგებული იქნება,”– აღნიშნა პატრიარქმა. 

 

ილია მეორის ინიციატივით,  23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთობა აღინიშნება. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს გმირთა მოედნიდან  მსვლელიბა მოაწყვეს სამებისკენ მართლამდიდებელი ეკლესიის მრევლმა, ჯარისკაცებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა  ჯონი აფაქიძემ და სხვებმა. სამების ტაძრის ეზოში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე დახვდა.

 

 მსვლელობის მონაწილეებმა სამებაში მიიტანეს  ხატი, რომელსაც  “ყოველთა მწუხარეთა სიხარულს” უწოდებენ და რომელიც, პატრიარქის კურთხევით, აფხაზთა და ქართველთა შერიგებისათვის შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი