იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები დამტკიცდება, ცვლილებები და დამატებები შევა „საქართველოს შრომის კოდექსში“, კერძოდ, აიკრძალება ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, მარტოხელა დედისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის სხვა მუხლის თანახმად, დასაქმებულ მარტოხელა დედას მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა და აღნიშნული შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.
გარდა ამისა, ცვლილებები გათვალისწინებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლის მიხედვითაც, შეიზღუდება მარტოხელა დედის სამსახურიდან განთავისუფლება ბავშვის 5 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში.
ცვლილებები შევა ასევე კანონში „სოციალური დახმარებების შესახებ“ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“.
“ეს პროექტი არის ჩვენი იმ სამუშაოს შედეგი, რომელიც მარტოხელა დედებთან ადრევე დავიწყეთ. წინა პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 2 წლის წინ, შევძელით, რომ მამობის დადგენის პროცესში დნმ-ის ანალიზი სასამართლოში მტკიცებულებად გამოყენებულიყო. ახალი პროექტიც სწორედ მათი, მარტოხელა დედების უფლებების დაცვას ემსახურება,”- ამბობს ნატო შავლაყაძე, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარე ნეტგაზეთთან საუბარში.
პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების პაკეტის შეტანამდე, პროექტის განხილვა დღეს, 27 სექტმბერს გაიმართა თბილისი მარიოტში, რომელსაც არასამთავრობო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. კანონპროექტის განხილვა კიდევ გაგრძელდება თვითმმართველობების დონეზე.
კითხვაზე, რატომ ითვალისწინებს კანონპროექტი მხოლოდ მარტოხელა დედების უფლებების დაცვას, ორგანიზაციის ექსპერტი იურიდიულ საკითხებში, გია გოგიბერიძე ამბობს, რომ შემთხვევათა უმრავლესობაში სწორედ დედა რჩება შვილთან მარტო. თუმცა, მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, მომავალში ზოგადად მარტოხელა მშობლის სტატუსზეც იყოს საუბარი.
მარტოხელა დედის სტატუსი 1995 წლის პრეზიდენტის განკარგულებით იყო განსაზღვრული, თუმცა, როგორც იურისტი ამბობს, მაშინ ეს სტატუსი ძალაში არ შესულა.
საქსტატის მონაცემებით, 2000-2013 წლის ჩათვლით საქართველოში 30 000 ბავშვია დაბადებული, რომელთა დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია.




