ახალი ამბები

საია: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კვესიტაძის მიმართ კანონი დაარღვია

27 სექტემბერი, 2013 • 1179
საია: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კვესიტაძის მიმართ კანონი დაარღვია

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის” განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ ეკა კვეისტაძე ისე გაათავისუფლა, რომ შრომის კოდექსით განსაზღვრული 30 დღით ადრე არ გააფრთხილა. 

 

ორგანიზაციის განცხადებით, ეკა კვესიტაძეს მაუწყებელთან ხელშეკრულება 2013 წლის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული. ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში კი, დამსაქმებელი ვალდებულია ან ერთი თვის ხელფასი აუნაზღაუროს, ან ერთი თვით ადრე წინასწარ გააფრთხილოს. 

 

“დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს გათავისუფლების შესახებ წინასწარი გაფრთხილების შემცირებული ვადა და სამი კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული გათავისუფლების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, ნაცვლად ერთი თვის კომპენსაციისა, დასაქმებულს გადაუხადოს ორი თვის კომპენსაცია,”- ნათქვამია განცხადებაში.

 

ორგანიზაციის განცხადებით, კვესიტაძე წინასწარ არ იყო გაფრთხილებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, არც ერთთვიანი და არც სამდღიანი ვადის დაცვით. 

 

“ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით.,”- ნათვქმია განცხადებაში.

 

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი დავით პაიჭაძის საკითხსაც ეხება, რომელიც მაუწყებელზე მხოლოდ რადიოგადაცემას წაიყვანს. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2013 წლის 12 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გენერალური დირექტორის მოადგილემ ტელემაუწყებლობის დარგში, გოგა ჩართოლანმა განაცხადა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდოდა პოლიტიკური თოქშოუ, რომელსაც 4 წამყვანი – ეკა ბერიძე, დავით პაიჭაძე, ეკა კვესიტაძე და ეკა მიშველაძე ეყოლებოდა.

 

მედიის სამართლებრივ ცენტრს მიაჩნია, რომ ამგვარი ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება. 

 

“მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები, ერთი მხრივ, ცალკეული ჟურნალისტების უფლებების უხეში დარღვევა და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის ორგანოების არათანმიმდევრული პოლიტიკა, ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული მედიასაშუალების თავისუფლებას,”- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის – თამაზ ტყემალაძის 2013 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით, ეკა კვესიტაძე გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. გათავისუფლების საფუძვლად  გადაცემა ,,აქცენტების“ დახურვა დასახელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი