“დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა, მათ შორის, არჩევნების დღესაც, ჩვენ დაგვეხმარება არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში და იმაში, რომ აღკვეთილი იყოს გაყალებების მცდელობები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილებზე მზადდება გაყალბება – “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა ძალიან ინტენსიურად არიან შესულები კოჰაბიტაციაში იმისათვის, რომ არ დაუშვან ბურჯანაძის გამარჯვება. ასევე მე არასათავრობო ორგანიზაციები ჩავაყენე საქმის კურსში კიდევ ერთხელ იმ დისკრიმინაციულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც არის შექმნილი ჩემთან მიმართებაში საეთერო თავისუფალი დროის თვალსაზრისით, როდესაც პრაქტიკულად ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს აქვს თავისუფალი სატელევიზიო საეთერო დრო ჩემს გარდა და მე უფრო ვრწმუნდები, რომ აბსოლუტურად შეგნებულად იყო გაკეთებული ეს გამონაკლისი, რომ თავი დაეზღვიათ იმისთვის, რომ მე არ მქონოდა შესაძლებლობა მოსახლეობისთვის ხშირად მიმემართა და მეთქვა ის სიმართლე, რომელიც მოსახლეობას პრიორიტეტად მიაჩნია, თუმცა ამის მიუხედავად, მართალია, მე ძალიან მეიმედება ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და უცხოელების აქტიურობა გარკვეულ შედეგს გამოიღებს და შეცვლის თავის გადაწყვეტილებას მთავრობა. მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მე მაინც დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში, იმიტომ, რომ მე მქონდა 327 შეხვედრა ამ 2–3 თვის განმავლობაში. მე ამ შეხვედრებს ვაგრძელებ, შეხვედრები ძალიან ბევრ ადამიანს… ზოგჯერ რამდენიმე ათასი ადამიანი არის ხოლმე ჩემს შეხვედრაზე და მივიტან ჩემს სიტყვებს ამომრჩევლებამდე”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
‘ნეტგაზეთის” კითხვას, ცნობილია თუ არა მისთვის იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც, მისი თქმით, ნაცმოძრაობა და “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას აპირებენ, ასე პასუხობს:
“რაც შეეხება გაყალბების მეთოდებს, მე ნამდვილად, საბედნიეროდ, არ ვარ საქმის კურსში, თუმცა ვიცი, რომ ასეთი მეთოდები ძალიან ბევრია და, მით უმეტეს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამაში ნამდვილად სუპერპროფესიონალები არიან. არაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვლილიყო ცესკოს კომისიების დაკომპლექტების წესი, ყველა კომისიაში არიან ნაციონალური მოძრაობის და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და მიმდინარეობს მათ შორის ფარული გარიგებები, რათა არ დაუშვან ბურჯანაძის გაპრეზიდენტება, რადგან ძალიან კარგად ესმის ნაციონალურ მოძრაობას, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ბოგინი დამთავრდება ქვეყანაში და აღდგება სამართლიანობა. ასევე, “ოცნებაშიც” მრავლად არიან ადამიანები, რომლებმაც კარგად მოირგეს მმართველი გუნდის მანტია და თბილად გრძნობენ თავს იმ სავარძლებში, რომელიც მიიღეს და მათაც ესმით, რომ ბურჯანაძის პრეზიდენტობა მათთვის გარკვეულწილად დისკომფორტის შემქმნელი იქნება”.
“ნეტგაზეთის” კითხვას, როგორ უნდა მოგვარდეს უფასო სარეკლამო საეთერო დროის ყველა საპრეზიდენტო კანდიდატისათვის თანაბრად გადანაწილების საკითხი, მაშინ, როდესაც კანონი იმ პრივილეგიას მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს ანიჭებს, ბურჯანაძე პასუხობს:
“რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს საეთერო დრო, ყველა ევროპულ ქვეყანაში ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს აქვს თანაბარი უფლებები და საეთერო დრო. ასევე არის მუხლი, რომ თუ საპრეზიდენტო კანდიდატს თუ ბოლო კვლევებში აქვს როგორც მინიმუმ 4 პროცენტი, მას საეთერო დრო უნდა მიეცეს. თუ არც ერთმა მუხლმა ჩემთან მიმართებაში არ უნდა იმუშაოს, მაშინ პირდაპირ ჩაგვეწერა, რომ ბურჯანაძეს არ უნდა ჰქონდეს საეთერო დრო, რათა მისი მოგების შანსი კიდევ უფრო არ გაიზარდოსო. მივმართავ “ქართულ ოცნებას, მაინც მოვიგებ, ბატონებო, და ყველა ხმას დავიცავ”.




