“მე მგონი, ეს ინსტიტუტი თავად უნდა ხვდებოდეს იმას, რომ ამ ტიპის კვლევები აღარ უნდა ჩაატაროს საერთოდ. თქვენ ენდობით პირადად ამ კვლევებს?! საქართველოში იცნობთ ვინმეს, ვინც NDI-ს კვლევებს ენდობა?! თუ ვინმე ასეთი არის, მე მას გავახსენებ შარშანდელ 40%–იან ცდომილებებს NDI-ს კვლევებში, როდესაც 1 ოქტომბრის არჩევნებამდე ამ კვლვებში აბსოლუტური უმრავლესობით ლიდერობდა ნაციონლაური მოძრაობა, მეორე ადგილზე იყო გიორგი თარგამაძე და ბოლო ადგილზე მიაჩანჩალებდა NDI “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს. ძალიან სამწუხაროა, რომ NDI-მ ასეთი დისკრედიტაცია მოახდინა საკუთარი თავის. სამწუხაროდ, NDI გადაიქცა მხარედ და ნაცმოძრაობის ფილიალად, სხვას მე ვერაფერს მივაწერ იმას, რომ ბაქრაძეს აქვს მეორე ადგილი 18 პროცენტით, ეს არის მცდელობა იმისა, რომ გააცოცხლონ ნაციონალური მოძრაობა და როგორმე შეუნარჩუნონ მას შანსი ხელისუფლებაში მობრუნების, თუმცა ამას მოსახლეობა არ დაუშვებს, ამიტომ მინდა ყველას ვთხოვო, რომ ძალიან ფაქიზად მოეკიდონ მოსახლეობისათვის ისეთ მტკივნეულ საკითხებს, რომელსაც, როგორც ჩანს, NDI არაფრად აგდებს. თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ, როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებაშიც” არიან ადამიანები, რომლებიც ნაცმოძრაობის მეორე ადგილის ან მისი გაძლიერების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით 39% საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად ისურვებდა გიორგი მარგველაშვილს, ხოლო 18% – დავით ბაქრაძეს. “არ ვიცი” – ასეთია გამოკითხულთა 16%-ის პასუხი ამ კითხვაზე.
გამოკითხულთა 7% ისურვებდა პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძეს, 3-3% – შალვა ნათელაშვილს და გიორგი თარგამაძეს.
ამასთან, გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, 23% კი ფიქრობს, რომ არ არის მოსალოდნელი.
თუკი არჩევნების მეორე ტური ჩატარდება მარგველაშვილსა და ბაქრაძეს შორის, გამოკითხულთა 49% დაუჭერს მხარს გიორგი მარგველაშვილს და 24% – მეორე კანდიდატს, ხოლო თუკი მეორე ტური გაიმართება მარგველაშვილსა და ბურჯანაძეს შორის, მმართველი ძალის კანდიდატს 50% დაუჭერს მხარს, მის კონკურენტს კი – 17%.




