ახალი ამბები

ლომჯარია ტატუნაშვილზე: ძნელია იმის დაზუსტება, რა დრო დასჭირდება გადმოსვენებას

5 მარტი, 2018 • 1486
ლომჯარია ტატუნაშვილზე: ძნელია იმის დაზუსტება, რა დრო დასჭირდება გადმოსვენებას

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, დღეს, 5 მარტს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოფელ წილკანში პირადად მიუსამძიმრა ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მიაწოდა ინფორმაცია საქმეში სახალხო დამცველის ჩართულობის შესახებ.

„ჩვენ მივაწვდინეთ ინფორმაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ვცდილობთ მაქსიმალურად დაჩქარდეს გადმოსვენების პროცესი. ამ ეტაპზე ოჯახისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც პირველი რიგის ამოცანა სწორედ ეს არის. ჯერჯერობით ძნელია იმის დაზუსტება, კონკრეტულად რა დრო დასჭირდება გადმოსვენების პროცესს, ინფორმაციის მიღება ოკუპირებული რეგიონიდან გართულებულია, გამკაცრებულია საპოლიციო რეჟიმი. ჩვენ ვიქნებით ჩართულები საქმის ყველა ეტაპზე და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას,“  – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო, თუმცა ის 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების მოტივით, მას შემდეგ გაჭიანურებულია. რაც შეეხება ქუტაშვილსა და პავლიაშვილს, ისინი გაათავისუფლეს, მაგრამ ეკრძალებათ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიის დატოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი