ახალი ამბები

საგანელიძე: სააკაშვილმა ნეგატიური განწყობა გაეროში პატრიოტული გამოსვლით გადაფარა

26 სექტემბერი, 2013 •
საგანელიძე: სააკაშვილმა ნეგატიური განწყობა გაეროში პატრიოტული გამოსვლით გადაფარა

საგანელიძის შეფასებით, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს 9 წლის განმავლობაში ეფიქრა პრობლემებზე, რომლის თავიდათავიც თვითონ არის: 

 

“ეს პრეზიდენტის რანგში მიხეილ სააკაშვილის ბოლო გამოსვლაა გაერო-ს ასამბლეაზე. ამით ისარგებლა და ნეგატიური განწყობა, რომელიც ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ მის მიმართ არსებობს, პატრიოტული გამოსვლით გადაფარა, რომ ძალიან აწუხებს, ტერიტორიები იკარგება და “საზღვარზე” ეს პრობლემები ჩნდება, თუმცა მას დაავიწყდა, რომ ამის თავი თვითონაა”.

 

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, გარკვეული მიმართულებებით პრეზიდენტის პოზიცია იყო სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან წარმოდგენილი, მაგრამ ამ კონტექსტშიც, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ში ისაუბრა, 9 წლის განმავლობაში უნდა ეფიქრა.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით წარსდგა. პრეზიდენტმა ყურადღება რამდენიმე საკითხზე გამახვილა, თუმცა ძირითადად იმ ზეწოლასა და საფრთხეებზე ისაუბრა, რაც რუსეთის მხრიდან ექმნება საქართველოს და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს.

 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაცია არ არის  დაინტერესებული გარშემო სტაბილური სახელმწიფოების არსებობით და კრემლი ესწრაფვის მუდმივ ქაოსსა და არეულობას მეზობელ ქვეყნებში:

 

“როგორ გგონიათ, არის თუ არა კრემლი მზად, განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის საკითხი დღეს, როცა მთავრობა უკვე შეიცვალა თბილისში? სულაც არა! ქართული მიწის ანექსია რუსული ჯარის მიერ კვლავაც გრძელდება. გუშინ უკუპანტებმა, დღისით, მზისით და სრულიად დაუსჯელად, საქართველოს მოქალაქეები კვლავ გააძევეს საკუთარი სახლებიდან და სოფლებიდან, სადაც მრავალი თაობის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

 

საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირებისა თუ თვეების გაკეთებული მეგობრული განცხადებების მიუხედავად, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წინსვლას, ხალხს ყოფენ მავთულხლართებით,  საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკონომიკას, მიიწევენ ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და საქართველოს მთავარი გზატკეცილისკენ, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის მდგრადობას.

 

დღეს აქ მოვედი ქართველი ხალხის სახელით და საერთაშორისო გაერთიანებას გთხოვთ, ამ აგრესიაზე  მოახდინოთ მკაცრი რეაგირება და გაგვიწიოთ დახმარება, დავასრულოთ რუსეთის ანექსია ჩვენს მიწაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რამდენჯერმე მოიხსენია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მისი თქმით, პუტინის ზიზღი მისი მთავრობის მიმართ არ არის განპირობებული პირადული ანტიპათიითა თუ კულტურული გაუგებრობით.

 

“ცუდად მხდის, როდესაც კაგებეს ოფიცერი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს უკითხავს ლექციას თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და დემოკრატიაზე. ამის გაკეთება სწორედაც რომ არ შეუძლია მას, როგორც უკანასკნელი იმპერიის დიქტატორ ლიდერს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მისი თქმით, ევრაზიული კავშირი შეიქმნა, როგორც ევროპის კავშირის ალტერნატივა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი საკუთარი პრეზიდენტობის მთავარ პროექტად განიხილავს:

 

“ევრაზიული კავშირი წარმოადგენს ჩვენს ახლო წარსულსაც და მომავალსაც, რომელსაც მოსკოვში ჩვენ „კაგებე“-ს ყოფილი ოფიცრები გვიმზადებენ. ამის საპირისპიროდ, ჩვენი აღორძინებული ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი მისწრაფებები მიგვიძღვებიან სრულიად სხვა სამყაროსკენ, რომელსაც ევროპა ეწოდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი