ახალი ამბები

პრორუსული პარტიების შანსი იტალიის არჩევნებში – დეტალები, რომლებიც უნდა იცოდეთ

3 მარტი, 2018 • 3130
პრორუსული პარტიების შანსი იტალიის არჩევნებში – დეტალები, რომლებიც უნდა იცოდეთ

ევროპაში მორიგი მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება – კვირას, 4 მარტს, იტალიაში პარლამენტს ირჩევენ, სადაც გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი პოპულისტ, ევროკავშირისადმი სკეპტიკურად განწყობილ პრორუს პარტიებს აქვთ. პოლიტიკურ არენაზე ბრუნდება იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონიც.

ცრუ ინფორმაცია, ტყუილები, პოპულიზმი და ძალადობრივი ფაქტები – სწორედ ასეთი იყო იტალიური საარჩევნო კამპანია. იტალიელებმა 4 მარტს საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის 630 და სენატის 315 წევრი უნდა აირჩიონ. ქვედა პალატის წევრების ასარჩევად ხმის მიცემა შეუძლიათ მოქალაქეებს 18 წლიდან, სენატის წევრთა ასარჩევად კი აუცილებელია, ამომრჩეველი 25 წელს იყოს მიღწეული.

ვინ არიან ძირითადი მოთამაშეები

წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ უმრავლესობის მოპოვების ყველაზე მაღალი შანსი მემარჯვენე-ცენტრისტულ, ევროსკეპტიკოს პარტიებს აქვთ. ამ ჯგუფს წარმოადგენს ბლოკი, რომელიც შექმნეს 81 წლის სილვიო ბერლუსკონის პარტიამ – “წინ, იტალია!” და 44 წლის მატეო სალვინის პარტია “ჩრდილოეთის ლიგამ”.

ვლადიმერ პუტინი და სილვიო ბერლუსკონი. ფოტო: Dmitri Astakhov/AFP/Getty Images.

ამ საარჩევნო ბლოკის გამარჯვების შემთხვევაში იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონის რჩეული, 44 წლის მატეო ტაიანი გახდება. ტაიანი გასულ წელს ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს. მან პოლიტიკური კარიერა სწორედ ბერლუსკონისთან ერთად დაიწყო, როცა 1990-იან წლებში ბერლუსკონის პრესსპიკერად მუშაობდა. ტაიანიმ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობაზე შეთავაზება სილვიო ბერლუსკონისგან პირადად მიიღო. თავად იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრს 2019 წლამდე თანამდებობის დაკავება აკრძალული  აქვს. ის სასამართლომ 2013 წელს საგადასახადო თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. იმის გამო, რომ 70 წელს იყო გადაცილებული, მან საპატიმრო სასჯელი აირიდა, სანაცვლოდ კი ერთი წელი არაანაზღაურებად საზოგადოებრივ სამუშაოს ასრულებდა. სილვიო ბერლუსკონი იტალიაში არაერთ ბიზნესს ფლობს, მათ შორის არის მედიაც. ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უახლოესი მეგობარია.

პრორურუსლი ორიენტაციის არის ბერლუსკონის საარჩევნო ბლოკში შემავალი “ჩრდილოეთის ლიგაც”. აღნიშნული ბლოკი ანტისაიმიგრაციო პოლიტიკით გამოირჩევა. ისინი ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის გაფართოებას.

თავის შეხედულებებში გაცილებით რადიკალურია კიდევ ერთი მემარჯვენე პარტია “ხუთი ვარსვლავის მოძრაობა”. გარდა იმისა, რომ აღნიშნული პარტიაც პრორუსულად მიიჩნევა, ისინი ემიგრანეტბისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ უფრო მკაცრ რეგულაციებს მოითხოვენ. მათ სურთ ევროს ალტერნატივის შექმნა.

საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შანსი აქვს მემარცხენე-ცენტრისტულ “დემოკრატიულ პარტიას”. მას ყოფილი პრემიერი მატეო რენცი ხელმძღვანელობს. სხვა პარტიების მსგავსად, აღნიშნულ პარტიასაც სურს პოლიტიკის გამკაცრება თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ, თუმცა ისინი ევროინტეგრაციასა და თანამშრომლობას უფრო ემხრობიან. გარდა ამისა, მათი მიზანი მინიმალური შრომითი ანაზღაურების დაწესება, უმუშევრობის შემცირება და ქალებისთვის თანაბარი ანაზღაურების დაწესებაა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამად მმართველი “დემოკრატიული პარტია” იტალიის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას მოიპოვებს.

წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ უმრავლესობის მოპოვებისთვის ნებისმიერ გამარჯვებულს დასჭირდება კოალიცია მემარჯვენე-პოპულისტ “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობასთან”. “დემოკრატიული მოძრაობა” გამორიცხავს რაიმე სახის სამთავრობო კოალიციას “ექსტრემისტებთან”. შესაბამისად, იტალიაში მოსალოდნელია მემარჯვენე-ცენტრისტი, ევროსკეპტიკურად განწყობილი, პრორუსი სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება.

რა ხდება იტალიაში

ფოტო: AFP PHOTO/Filippo MONTEFORTE (Photo credit should read FILIPPO MONTEFORTE/AFP/Getty Images)

პოლიტიური გამოცემა Politico წერს, რომ ეს არის იტალიის “გაბრაზებული არჩევნები”, რადგან ამომრჩეველი გაბრაზებულია და ეს გაბრაზება, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ადამიანებს, რომლებიც უკვე წლებია იტალიას მართავენ, თუმცა მართვის შედეგებს იტალიელები ვერ გრძნობენ. მათზე არც 1.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა არ ასახულა. იტალიის მოსახლეობის 54 პროცენტი მიიჩნევს, რომ ისინი ქვეყანას უფრო მეტს აძლევენ, ვიდრე იღებენ.

გარდა ამისა, მოსახლეობის 70 პროცენტს არ სჯერა პოლიტიკოსთა დაპირებების. 30 წლამდე ამომრჩევლის 50 პროცენტი კი არჩევნებზე მისვლას საერთოდ არ აპირებს.

ეონომიკური ზრდის მათზე არასახვა და პოლიტიკოსთა არარეალისტური დაპირებები არის მიზეზი, რის გამოც იტალიელ ამომრჩევლებში გაბრაზება იზრდება, უთხრა Politico-ს მკვლევარმა რობერტო ვებერმა.

იტალიაში ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყება და 23 საათზე დასრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი