როგორც ბერიძემ ჟურნალისტებს ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის დატოვების შემდეგ განუცხადა, იგი არ ფიქრობს, რომ ის ანალიტიკური მასალები, რომელთა გამოც ექსპერტებმა დღეს ივანიშვილის კრიტიკა დაიმსახურეს, დაუსაბუთებელი იყო.
“შეხვედრის ფორმატი იყო ნოვატორული, მისასალმებელია, რომ პრემიერ-მინისტრი ყურადღებით ეკიდება ანალიტკოსების მოსაზრებებს და მოითხოვს დასაბუთებას ამა თუ იმ ფორმულირების. მე მიმაჩნია, რომ, საბოლოო ჯამში, ის შენიშვნები, რომელიც ბატონმა პრემიერმა გამოთქვა, თავად იმ ინტერვიუებში, მასალებში, სატელევიზიო გამოსვლებში თუ სხვაგან იყო დასაბუთებული, მაგრამ ჩვენს პრემიერს, რომელიც უდავოდ განსაკუთრებული და დიდი მოღვაწეა, აქვს თავისი სპეციფიკური ხედვა, მათ შორის პოლიტიკის და თავისი პოლიტიკაში ყოფნის. ბუნებრივია, მას ჰქონდა გარკვეული შეხედულებები ამასთან დაკავშიებით, განსხვავებული იმისაგან, რაც ჩვენ გვაქვს, ამ შეხვედრის ცალკეულ მონაწილეებს. იყო ძალიან გულახდილი და პირუთვნელი სჯა-ბაასი. ძალიან ძნელია ბიძინა ივანიშვილის გადარწმუნება. მე ვფიქრობ, რომ გარკვეული თვალსაზრისით ჩვენი მოსაზრებები მან გაიზიარა, გარკვეული თვალსაზრისით ის, რა თქმა უნდა, დარჩა თავის აზრზე და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ძალიან მაღალი თანამდებობის პირია, ფართო მასშტაბის მოღვაწეა და ხედვა ხშირად მას აქვს სპეციფიკური და თავისებური მთელ რიგ საკითხებთან დაკავშიებით”, – განაცხადა ბერიძემ და დასძინა, რომ მან “ცოტა დააგვიანა” და მხოლოდ შეხვედრის დასასრულს გაიგო, რომ დისკუსია პირველი არხის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
“ძალიან გამიხარდა, რომ ამ დისკუსიის მოწმე გახდა ფართო აუდიტორია და, ბუნებრივია, ყველაფერი ის, თუ ვინ იყო მართალი და ვინ არა, არის მაყურებლის და საზოგადოების გადასაწყვეტი”. ცნობისთვის: პრემიერის პრესსამსახურმა დილიდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრის პირდაპირი ეთერით ტრანსლირება მოხდებოდა.
“ნეტგაზეთის” კითხვას, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ექსპერტებმა საკუთარი პოზიციების არგუმენტირებულად და ჯეროვნად დაცვა ვერ მოახერხეს და რა იყო ამის მიზეზი, იგი ასე პასუხობს:
“ეს თითოეული მოქალაქის გადასაწყვეტია იმდენად, რამდენაც მე მიმაჩნია, რომ ის კრიტიკა, შეხედულებები და მოსაზრებები, რაც იმ მასალებშია გამოთქმული, იგულისხმება, ინტერნეტში, ბეჭდურ მედიასა და ტელევიზიით ჩვენი გამოსვლები, იყო აბსოლუტურად დასაბუთებული და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით მზად ვარ ღია დისკუსიისთვის არა მარტო პრემიერთან, არამედ ყველა მის მხარდამჭერთან და იმასთან, ვისაც აქვს განსხვავებული თვალსაზრისი”.




