ახალი ამბებისამართალი

რატიანის გადაღებისა და საზმაუსთვის ვიდეოს გადაცემისთვის შსს სამართალდამრღვევად ცნეს

2 მარტი, 2018 • 2993
რატიანის გადაღებისა და საზმაუსთვის ვიდეოს გადაცემისთვის შსს სამართალდამრღვევად ცნეს

ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო. ინფორმაციას EMC ავრცელებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შსს დამნაშავედ ცნო პოლიციელების მიერ პირადი მობილური ტელეფონით ზვიად რატიანთან კომუნიკაციის გადაღებისა და რატიანის შესახებ მობილურით გაკეთებული ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის გამო. შსს–ს 2 000 ლარი ჯარიმა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ინსპექტორმა 2018 წლის 23 თებერვალს მიიღო.  2018 წლის 11 იანვარს EMC-იმ რეაგირებისთვის ინსპექტორს განცხადებით მიმართა და ინსპექტორის დასაბუთებაც მანვე გაავრცელა.

[red_box]პირადი მობილურის გამოყენება[/red_box]

პირადი მობილურის გამოყენებით კომუნიკაციის აღბეჭდვასთან დაკავშირებით ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ზვიად რატიანი შეჩერებული იყო სპეციალური საპოლიციო კონტროლის (ე.წ. რეიდის) ფარგლებში. ამდენად, შსს-ს ვიდეოგადაღების პროცესი “პოლიციის შესახებ” კანონით დადგენილი წესების შესაბამისად უნდა ეწარმოებინა.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “მობილური ტელეფონი (მათ შორის თანამშრომლის მფლობელობაში არსებული) არ შეესაბამება “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომლებითაც ნებადართულია ვიდეოგადაღება, მათ შორის, სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს.” გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ საშუალებებს, რომელთა გამოყენებითაც უნდა განხორციელდეს ვიდეოგადაღება. ამ საშუალებების ჩამონათვალში კი მობილური ტელეფონი არ შედის.

ამ საკითხთან დაკავშირებით ინსპექტორის გადაწყვეტილება დამატებით მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მობილური ტელეფონით ვიდეოგადაღებისა და შემდგომში მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეგულაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავებული არ არის.

[red_box]საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მასალის გაზიარება[/red_box]

ინსპექტორის განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეძლევა სასამართლო პროცესის ვიდეოჩაწერის უფლებამოსილება, რაც ავტომატურად არ გულისხმობს მხარეების მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების მიღების უფლებას. ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა პროცესზე მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის გზით დამუშავების უფლებამოსილება.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ “ზვიად რატიანის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება სახის დაფარვითა თუ მის გარეშე ვერ იქნება მიჩნეული საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად, ვინაიდან აღნიშნული მიზანი მიიღწეოდა ამ მოცულობით მონაცემთა დამუშავების (ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება) გარეშე, საზოგადოების ინფორმირების გზით.”

ამდენად, ინსპექტორმა დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა მონაცემების დამუშავებას კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე და მონაცემთა დამუშავებისთვის დადგენილი პრინციპების დარღვევით.


პოეტი ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავებოდა, პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. რატიანის თქმით, პოლიციელებმა მას შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენეს, რომ ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა.

რატიანის დაკავების კადრები პოლიციელებმა პირადი მობილურით გადაიღეს. ეს კადრები საზოგადეობრივმა მაუწყებელმა შსს–დან გამოითხოვა და ახალი ამბების გამოშვებაში უჩვენა. მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შსს-ს ვიდეო საკუთარი პლატფორმიდან წაშალა.

1 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პირველ არხს ზვიად რატიანის დაკავებისას შსს-ს  ვიდეოს გავრცელების გამო არც ჯეროვანი სიზუსტის დარღვევა, არც სიძულვილის გაღვივება და არც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა დაუდგინა.

ზციად რატიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისათვის. სასამართლომ რატიანი 2 000 ლარით დააჯარიმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი