ახალი ამბები

რატომ ირჩევს ოთხი მსხვერპლი ქალი მოძალადე ქმარს

2 მარტი, 2018 • 4091
რატომ ირჩევს ოთხი მსხვერპლი ქალი მოძალადე ქმარს

28 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზედიზედ 4 საქმე განიხილა ოჯახში ძალადობაზე. ოთხივე ისტორიაში ქმრებმა ცოლებს სცემეს შვილების თანდასწრებით ან შვილების ჩათვლით… ოთხივე ისტორიაში ცოლები ქმრებს „შეურიგდნენ“ და მოძალადის დასჯა აღარ სურთ. ოთხივე მათგანი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებს. არც ერთ ისტორიაში ძალადობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება.

ერთ-ერთ ქალი სასამართლოშიც მოვიდა და თქვა, რომ „საცემი“ იყო. ერთ შემთხვევაში ქალი მთელი პროცესის განმავლობაში მდუმარედ იჯდა. დანარჩენმა ქალებმა, ვისაც დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა, შინ დარჩენა ამჯობინეს.

[red_box]„ალბათ ისევ იძალადებს, მაგრამ რა ვქნა?“[/red_box]

ისინი ერთად შემოვიდნენ სასამართლო დარბაზში. მამაკაცი ბრალდებულისთვის განკუთვნილ გისოსებს აშტერდება, ქალი ნერვიული მზერით ათვალიერებს დარბაზს. მერე სკამების რიგს ჩაივლის და სულ წინ ჯდება. მამაკაცი მის გვერდით დაჯდომას აპირებს, მაგრამ მანდატური აჩერებს – „თქვენ ბრალდებული ხართ, ალბათ“. მამაკაცი თავს იქნევს და მანდატურს უსიტყვოდ უკან მიჰყვება, ბრალდებულის ადგილს იკავებს…

„თქვენ გარეთ უნდა დაგველოდოთ,“ – მიმართავს პროკურორი ქალს. ქალს გარეთ გასვლა არ სურს, მაგრამ ჩანთას იღებს და გადის, თან მზერას არ აცილებს ბრალდებულს, რომლის გვერდით უკვე ადვოკატი ზის, პირისპირ – პროკურორი. დარბაზში მოსამართლე უნდა შემოვიდეს.

წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაცნობით დაიწყო. მან ბრალდებულ კაცს უთხრა, რომ დასაბუთებული ვარაუდით, 12 იანვრის საღამოს ბრალდებულმა ხასან ა.-მ ცოლს საკუთარ ბინაში სცემა. ქალს სახეში ხელები ურტყა, რამაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, „ქალის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ჯანმრთელობის მოუშლელად.“

„თავს დამნაშავედ ცნობთ?“ – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს, რომელმაც თავი დაიქნია და თქვა, რომ დანაშაული ჩაიდინა.

მერე პროკურორმა დეტალურად ჩამოთვალა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში წარმოადგინა და მისი დასაშვებად ცნობა ითხოვა. ადვოკატმა დავით კეკელიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მტკიცებულებები დასაშვებია და არც სადავოდ მიიჩნევს რომელიმე მათგანს დაცვის მხარე.

„მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას მივიჩნევთ სადავოდ,“ – დასძინა მოსამართლემ.

ასეთ შემთხვევაში, როცა რომელიმე მტკიცებულებას მხარე სადავოდ მიიჩნევს, მას სასამართლო იკვლევს. შესაბამისად, სასამართლო არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეებიდან მხოლოდ ნაცემი ქალის ჩვენებას მოისმენს. რას ეტყვის ნაცემი ქალი მოსამართლეს – ეს მთავარი ფაქტორი იქნება განაჩენის გამოტანის დროს.

„საპროცესო შეთანხმება ამ დროისთვის არ არის,“ – უთხრა მოსამართლეს პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ. მოსამართლემ სამუშაო რვეული გადაშალა და მორიგი სხდომის ჩასანიშნად მოემზადა…

ქალი სასამართლოს კართან წინ და უკან დადიოდა და როგორც კი კარი გავაღე, მაშინვე მკითხა: „რა მოხდა იქ?“ ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ და მისი პოზიციის გაგება მინდოდა, რა იქნებოდა სამართლიანი სასჯელი მისი ქმრისთვის.

„კი, ჩამწერეთ, ყველაფერს გეტყვით…“ – დაიწყო მან: „ჩვენ უკვე შევრიგდით, პრობლემა აღარ არსებობს, პრობლემა არც ყოფილა არაფერი… ჩვენ 8 თვის ბავშვი გვყავს, მე არსად ვმუშაობ. მის გარეშე არსებობას ვერ შევძლებ.“

ქალს ვუთხარი ის, რაც სასამართლო სხდომის დარბაზში მოვისმინე. ვუთხარი, რომ მას სახეში ურტყეს.

„კი, ასეა…“ – თქვა მან და თვალთან ახლოს მიიტანა ხელი, ძალადობის კვალი თვალს ქვემოთ ისევ შავ ლაქად აჩნია. საყვედურის გამომხატველ მზერას რამდენიმე წამით აჩერებს, მერე ღრმად სუნთქავს და აგრძელებს:

„ალბათ, ისევ იძალადებს, მაგრამ რა ვქნა? საცემარი ვიყავი ალბათ… არ ვიცი, ვერ გეტყვით. ნასვამი იყო, რაღაცის გაკეთებას მთხოვდა. მე ბავშვისთვის მქონდა მისახედი, არ მეცალა. მე არსად არ ვმუშაობ…“ – გვითხრა მან.

შეურიგდებოდა თუ არა მეუღლეს, თუკი ის დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებდა და ხომ არ იყო შერიგება დაკავშირებული ეკონომიკურ მდგომარეობასთან? – „ჩვენი ცხოვრების 90 პროცენტი ეკონომიკური ფაქტორია, ასეა“.

[red_box]ძალადობაში ბრალდებული: თქვენთან რა მაქვს სალაპარაკო?[/red_box]

სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლე ლევან გელოვანმა შესვენება მას შემდეგ გამოაცხადა, როცა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა. ამის მიზეზად პროკურორმა დაზარალებული არასრულწლოვნები დაასახელა.

ოჯახში ძალადობას გამოძიება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ენვერ გ.-ს ედავება. ენვერი პატიმრობაში 4 კვირით იმყოფებოდა. შემდეგ წინასწარი პატიმრობიდან 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამოძიების ვერსიით, ენვერმა ცოლს სცემა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, შემდეგ კი მეშვიდეკლასელ გოგოსაც სცემა. დედამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა…

„ეს რომ არა, ალბათ ვერც გაიგებდა“, – მითხრა დარბაზში მყოფი კაცებიდან ერთ-ერთმა. მერე გაიგეს, რომ ჟურნალისტი ვიყავი და გადაწყვიტეს, რომ „ეს საქვეყნოდ სალაპარაკო თემა არ არის“.

„მე გეტვით,“ – მომმართა ერთმა კაცმა ხმამაღლა. – „ამ საქმეში დამნაშავეა მხოლოდ არაყი, მეტი რამე არა… აგერ, რძალიც აქვეა და თქვას, თუ რამეა სათქმელი.“

„რძალმა“, ანუ ბრალდებულის ცოლმა ხმის ამოღების გარეშე, თავის ოდნავ გაქნევით მანიშნა, რომ საუბარი არ სურდა. იგი მთელი პროცესის განმავლობაში მდუმარედ იჯდა.

ოჯახში ძალადობაზე განმარტება ბრალდებულს ვთხოვეთ, რომელმაც აგრესიული ტონით და მოკლედ მოჭრა: „თქვენთან რა მაქვს სალაპარაკო?“

ამ დროს დარბაზში მოსამართლე დაბრუნდა, რომელმაც თქვა, რომ პროკურორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა არ დაიხურება.

„მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ,“ – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დაცვის მხარემ სადავოდ მხოლოდ დაზარალებულების ჩვენება მიიჩნია. საუბარია ბრალდებულის ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილზე. ჩვენებების მიხედვით, ბრალდებულმა თავდაპირველად ცემა ცოლს დაუწყო, რასაც არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ფიზიკური ძალადობის კვალი დედასთან ერთად ერთ-ერთ შვილსაც აღენიშნებოდა.

წინა ისტორიის მსგავსად, სასამართლომ აქაც მხოლოდ დაზარალებულების, ანუ ბრალდებულის ცოლისა და შვილების ჩვენება უნდა მოისმინოს. ადვოკატმა დავით საფარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ გვითხრა, რომ დაზარალებულად ცნობილი პირები ჩვენების მიცემას საერთოდ აღარ აპირებენ.

[red_box]ადვოკატი: აღიარებს დანაშაულს, მაგრამ არ თვლის, რომ ეს ძალადობაა[/red_box]

ოჯახში ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა 28 თებერვალს ისევ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ განიხილა. ამ შემთხვევაშიც ძალადობაში ბრალდებული ქმარია, რომელიც პატიმრობიდან ორიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აქაც ძალადობაში ბრალდებულ ქმარს ცოლი შეურიგდა და მოთხოვნა მხოლოდ ერთია – საპროცესო გარიგება.

გამოძიების ვერსიით, ჩაქვში მცხოვრებმა მამუკა თ.-მ ცოლზე სახლში იძალადა. ცოლს სახის არეში აქვს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები. ბრალდებული 25 წლისაა, დაზარალებული ქალი – 24 წლის. წყვილს ორი თვის ბავშვი ჰყავს.

„ოჯახი სოციალურად დაუცველია, მხოლოდ ბრალდებული მუშაობს. ოჯახში ბრალდებულის დედაც ცხოვრობს“, – გვიყვება სახელმწიფო იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი გვანცა თურმანიძე: „საპროცესო შეთანხმება დავიწყეთ, მაგრამ ჯერ უცნობია შედეგი. ცოლ-ქმარი ისევ ერთად ცხოვრობს. ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს, მაგრამ არ მიიჩნევს, რომ ეს ძალადობაა… ბრალდებული ამბობს იმავეს, რასაც მსგავსი ტიპის დავებში აცხადებს ბევრი – ეს ოჯახური კონფლიქტია და არა ძალადობა“.

სასამართლოს ქალებზე ძალდობის ამ სამი საქმის განხილვა ჯერ არ დაუსრულებია.

[red_box]ძალადობის კიდევ ერთი საქმე, რომლის განხილვაც შეწყდა[/red_box]

მეოთხე საქმე ოჯახში ძალადობაზე 28 თებერვალს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა, თუმცა წინასასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა შეწყდა.

ამ საქმეში ბრალდებული 61 წლის მემედ მ. იყო, რომელიც 59 წლის მეუღლესთან ერთად ბათუმში ცხოვრობს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ცოლს ხელჯოხი სხეულზე რამდენჯერმე დაარტყა, „რითაც მას ფიზიკური ტკივილი მიაყენა“.

წინასასამართლო სხდომამდე პროკურატურამ ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. დასკვნის მიხედვით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და სტაციონარულ მკურნალობას ექვემდებარება მინიმუმ 9 თვის განმავლობაში.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ბრალდებული ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

[red_box]„ეკონომიკური დამოკიდებულება არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალი მოძალადესთან რჩება“[/red_box]

„ოჯახში ძალადობის დროს მხოლოდ პოლიცია გვახსენდება. არსად ჩანს სოციალური სააგენტო, რომელსაც ვალდებულება აქვს ჩაერთოს. ამ თემებზე შეხვედრების გამართვის დროს ასევე არ ჩანან, მაგალითად, ეკონომიკის ან განათლების სამინისტროები. მთავარი პრობლემა არის კოორდინირებული მუშაობა სამთავრობო უწყებებს შორის,“ – ამბობს ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

ანას თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, ეკონომიკური დამოკიდებულება აღიარებულია პირველ მიზეზად, რის გამოც ქალი მოძალადესთან რჩება. იგი დასავლურ პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც მოზარდებს სკოლაში ასწავლიან ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ეკონომიკური წიგნიერება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის მთავარი ნაწილია.

„ჩვენთან ეკონომიკური ძალადობა, როგორც ძალადობის სპეციალური ფორმა, ცალკე არ ფასდება. შესაბამისად, არ ფასდება არც გამოწვეული ზიანი და არ არის განსაზღვრული სახელმწიფოს ქმედებები, რომელიც მიმართული უნდა იყოს ძალადობის მსხვერპლი ქალის ეკონომიკურ გაძლიერებისკენ… მხოლოდ დაზარალებულის ოჯახიდან გამოყვანა, მისი თავშესაფარში მოთავსება და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია არ არის საკმარისი. მსხვერპლს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობა გაძლიერდება, იპოვის სტაბილურ სამსახურს და იქნება დაცული. დაცულობა ბევრ კომპონენტს მოიცავს. მაგალითად, შრომის კოდექსი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 30 პროცენტით მეტი ხელფასი ჰქონდეს მამაკაცს, ვიდრე ქალს. თუ დააკვირდებით, კოოპერატივის ხელშემწყობი პროგრამები, ან „აწარმოე საქართველოში“, არც ერთი არ არის მგრძნობიარე ქალთა ჩართულობის მიმართ. ძალიან მარტივია – ტრანსპორტის მენეჯმენტიც კი არ არის მორგებული ქალთა საჭიროებებზე.

გვქონია მაგალითები, როცა მსხვერპლი მოძალადესთან რჩება იმის გამო, რომ სოციალური შემწეობის გარეშე არ დარჩეს. შესაძლოა, მან დამოუკიდებლადაც მიიღოს დახმარება, მაგრამ რეგისტრაციას, შემოწმებას, გადამოწმებას სჭირდება გარკვეული დრო და პროცედურები. ევროპის ქვეყნებში ასევე მიღებული პრაქტიკაა თავშესაფრის შემდეგ დროებით საცხოვრისით მსხვერპლის უზრუნველყოფა, მაგალითად, თუ ის ვერ ახერხებს ქირის გადახდას, დროის გარკვეულ მონაკვეთში ამ თანხას იხდის სახელმწიფო,“  – აღნიშნა ანა არგანაშვილმა.


სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი