რეჟისორმა და საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ განაცხადა, რომ ანტიდასავლურ წერილზე ხელი არ მოუწერია.
ეს განცხადება ქავთარაძემ ტელეკომპანია იბერიის ეთერში, გადაცემაში “ფაბრიკა” გააკეთა.
“მთავარი მომენტი არის ის, რომ დაიწერა წერილი, ხალხმა მოაწერა ხელი. მე წარმოდგენა არ მაქვს, ხელი არაფერზე არ მომიწერია. დამეხვია ხალხი და მთხოვს პასუხს, არავისთან საქმე არ მქონია, არც უთქვამთ, არც არაფერი. არავითარი ურთიერთობა არ მქონია, ხელი არაფერზე არ მომიწერია”, – განაცხადა გოგი ქავთარაძემ.
კითხვაზე, გაუყალბეს თუ არა ხელმოწერა, პასუხობს, რომ “არ ვიცი, მე როგორ გითხრა, ვერც მაგას ვერ ვიტყვი, ალბათ, ყოველ შემთხვევაში აიღეს თავის თავზე.”
ნატოს საწინააღმდეგო და ანტიდასავლური წერილი, სადაც აღნიშნული არის, რომ დასავლეთისკენ სწრაფვამ გაამწვავა რუსეთთან ურთიერთობა, რამაც ხელი შეუშალა საქართველოს განვითარებას, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ამ წერილზე რამდენიმე ადამიანთან ერთად გოგი ქავთარაძის ხელმოწერაც იყო, დღეს მან უარყო, რომ მსგავს წერილს ხელი მოაწერა.