გარდაბნის რაიონის სოფელ მთისძირს ორი კვირაა წყალი არ მიეწოდება, რის გამოც ადგილობრივები საპროტესტო აქციებს იწყებენ. დღეს 40-მდე ადამიანმა რუსთავის ციხეებისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტა და წყლის აღდგენა მოითხოვა.
მთისძირის მკვიდრი, დალი წიკლაური ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ სოფლის მოსახლეობა პატიოსნად იხდიდა მრიცხველით წყლის გადასახადს, მაგრამ ეუბნებიან, რომ მთელ სოფელს აქვს ვალი, რის გამოც გადაუკეტეს წყალი.
“პატარა სოფელია. დიდი და პატარა, სულ ყველა აქა ვართ. იწერება დიდი ვალები ჩვენს სოფელზე. ჩვენ მოსახლეობის მრიცხველიდან ვიხდიდით წყლის გადასახადს, მაგრამ ვალი ამოვიდა 50 ათასამდე. გვეუბნებიან, 48 ათასი ლარი გადაიხადეთ და გამოვუშვებთ წყალსო. გასარკვევია ბევრი რაღაც იმიტომ, რომ მრიცხველით პატიოსნად ვიხდიდით გადასახადს და საიდან მოვიდა ეს ვალი, არ ვიცით,” – განუცხადა ნეტგაზეთს დალი წიკლაურმა.
სოფელ მთისძირში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გარდაბნის მულიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც. როგორც დალი წიკლაურმა გვითხრა, ისინი დახმარებას დაჰპირდნენ ადგილობრივებს პრობლემის მოგვარებაში: “გვითხრეს, სამშაბათს დაელოდეთო და ვნახოთ. თუ არ აღდგება წყალი, კიდევ გავმართავთ აქციებს.”
ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში არკვევს.