ახალი ამბები

ბორჯომის მერიასთან შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტია მობილიზებული

1 მარტი, 2018 • 1808
ბორჯომის მერიასთან შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტია მობილიზებული

ბორჯომის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, მერიაში კი მუშაობა შეწყვეტილია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სიტუაცია ბორჯომში მას შემდეგ დაიძაბა, რაც გუშინ, 28 თებერვალს, საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას. საპასუხოდ, ქართული ოცნების წევრებმა და მერიის თანამშრომლება საკრებულოსა და მერიის მუშაობა შეაჩერეს.

ბორჯომში სპეცრაზმია მობილიზებული, 1 მარტი 2018 წელი ფოტო: რუსთავი 2

რა ვითარებაა ბორჯომში დღეს

როგორც “სამხრეთის კარიბჭე” იუწყება, ამ დროისთვის სამართალდამცველები მოქალაქეებსა და დეპუტატებს საკრებულოს შენობაში არ უშვებენ.  ამის პარალელურად, “ქართული ოცნების” წევრები თათბირს მართავენ, რათა განსაზღვრონ, თუ რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) მიმდინარეობს.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს :
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ბორჯომის საკრებულოს შენობაში ამ დრომდე რჩებიან, ხოლო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქალაქ ბორჯომში იმყოფებიან“

რა მოხდა გუშინ ბორჯომში

გუშინ, 28 თებერვალს, ბორჯომში საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელიც  ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოს მერიის თანამშრომლების საშტატო ნუსხა და სახელფასო ანაზღაურება უნდა დაემტკიცებინა. რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ სხდომაზე მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ 11 დეპუტატიც შევიდა. თუმცა, მიუხედავად ამ წარმომადგენლობითი დასწრებისა, ხელფასების საკითხი ვერც 28 თებერვალს გადაწყდა.  26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 ოპოზიციონერი დეპუტატის უარის გამო საკითხი ჩავარდა, რასაც ხმაური მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

“სამხრეთის კარიბჭე” წერს, რომ სხდომის დასრულების შემდეგ მერიის თანამშრომელთა ნაწილმა სავარძლებით ჩახერგა  საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი კარი და ამბობდნენ, რომ იქამდე არ გაათავისუფლებენ შესასვლელს, ვიდრე საკრებულო ხელფასების საკითხს არ გადაწყვეტს. თანამშრომელთა მეორე ნაწილმა კი  მერიის შენობის წინ გამართა აქცია.  ბორჯომის მერიაში მუშაობა პარალიზებული იყო.

მოგვიანებით, ბორჯომში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელიაც ჩავიდა. მისი თქმით, ის საკრებულოს თავმჯდომარის, “პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ზაზა ჩაჩანიძის მხარდასაჭერად ჩავიდა. მელიას გამოჩენას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

გვიან ღამით,  14-საათანი არეულობის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საღამოს ჩატარებული სხდომა, სადაც ხელფასების საკითხი განიხილეს, არალეგიტიმურია და ამ საკითხე განმეორებით ერთი კვირის შემდეგ იმსჯელებენ.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ამ წლისთვის მერიაში თანამშრომელთა ხელფასები ასე განსაზღვრეს: მუნიციპალიტეტის მერი – 3450 ლარი; პირველი მოადგილე – 2 400 ლარი; მერის მოადგილე – 2 300 ლარი და სამსახურების უფროსები – 2000-2000 ლარი. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ხელფასების გაზრდილ ოდენობებს მხარს არ უჭერენ, რის გამოც ხელფასების საკითხი ვერ მტკიცდება და  თვითმმართველობის 125 თანამშრომელს დღემდე არ აუღია იანვრის ხელფასი. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობა არა “ქართულ ოცნებას”, არამედ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი