“ნეტგაზეთმა” იგივე კითხვა ლევან იზორიას 16 ივლისს დაუსვა. მაშინ იზორიამ განაცხადა, რომ საქმეს გენერალური ინსპექცია იძიებს და დასკვნა მალე იქნება მზად.
“რა ეტაპზეა გამოძიება ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ არ მაქვს ინფორმაცია. კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს,” – უკვე დღეს, 24 სექტემბერს განაცხადა იზორიამ.
2013 წლის 18 მარტს ნეტგაზეთის კითხვას, გამოიძიებს თუ არა შსს სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების საქმეს თავიდან, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა: “უნდა გავარკვიოთ”, თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რისი გარკვევა იგულისხმა.
2012 წლის თებერვალში 47 წლის სოლომონ ქიმერიძე ხაშურის პოლიციაში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, იგი პოლიციის შენობაში, სადაც დასაკითხად მიიყვანეს, კიბიდან გადმოვარდა. მაშინ უფლებადამცველებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი, რომ ქიმერიძე პოლიციელთა ძალადობას ემსხვერპლა. გაიმართა საპროტესტო აქციები.
2012 წლის 3 მარტს შს მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა:
“წინასწარი მოკვლევით ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, ეს მაინც არის აღმაშფოთებელი ფაქტი, ჩემი აზრით. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ შემოვიღებთ ახალ წესებს, უფრო გამჭირვალეს გავხდით იმ პროცესებს, რომელიც პოლიციის შენობაში მოსული ნებისმიერი სტუმრის და ნებისმიერი სტატუსით მყოფი ადამიანის გადაადგილების, ასე ვთქვათ, მისი უსაფრთხოების დაცვის საკითხს შეეხება. უახლოეს დღეებში ჩვენ ამ ბრძანებულებას გამოვცემთ. ამ ბრძანების ნაწილი იქნება ის, რომ დანაყოფის მთავარი ხელმძღვანელი, რომელიც ხელმძღვანელობს ამა თუ იმ შენობას, განყოფილებას თუ სამმართველოს, იქნება პასუხისმგებელი ამ ნორმების შესრულებაზე და პირადად იქნება პასუხისმგებელი, მათ შორის უბედური შემთხვევის თავიდან აცილებაზე. იმისათვის, რომ მონიტორინგი განვახორციელოთ ამ ბრძანებულების შესრულებაზე, ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ხელსაყრელ ადგილას დავაყენოთ ვიდეოკამერები.”
2012 წლის 6 მარტს შს სამინისტრომ ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსი გიორგი ხარშილაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.