ახალი ამბები

“მარიამ საჯაია აშშ–ში გაემგზავრა სასწავლებლად”

24 სექტემბერი, 2013 •
“მარიამ საჯაია აშშ–ში გაემგზავრა სასწავლებლად”

“ჩემი ინფორმაციით, მას აქვს სასწავლო შვებულება და სასწავლებლად არის წასული. მე მგონი ერთწლიანი ვადით, თუმცა ვადა ზუსტად არ ვიცი. ეს არის საპატიო მიზეზით პარლამენტის წევრის არყოფნა და შესაბამისად ხელფასს ჩვეულებრივად აიღებს, რადგან ეს გაცდენა არასაპატიოდ არ ჩაეთვლება”, – ამბობს იმერლიშვილი და დასძენს, რომ რეგლამენტი რამდენიმე მიზეზს ითვალისწინებს, რის გამოც დეპუტატებს გაცდენები საპატიოდ ეთვლება: პოლიტიკური ბოიკოტი (რასაც წინა მოწვევის პარლამენტში ლეიბორისტები მიმართავდნენ), სასწავლო შვებულება და ავადმყოფობა.

 

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევებში ვადები განსაზღვრული არ არის.

 

“ვადები მხოლოდ იმ შემთხვევაშია განსაზღვრული, თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით აცდენს, ანუ ზედ გადაბმული ოთხი თვე თუ არ დადის არასაპატიო მიზეზით.”

 

რაც შეეხება იმას, მიიღებს თუ არა საჯაია ხელფასთან ერთად პრემიებს, იმერლიშვილი აცხადებს, რომ პრემია ამ მოწვევის პარლამენტში პირველი თვის შემდეგ არც ერთ დეპუტატს არ მიუღია, შესაბამისად ვერც საჯაია მიიღებს.

 

ნეტგაზეთი შეეცადა ინფორმაციის მარიამ საჯაიასთან, მის დედასთან ნაზი არონიასა და ნაცმოძრაობის პრესსამსახურის უფროსთან გადამოწმებას. პარტიის პრესსამსახურის უფროსთან და საჯაიასთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა. ნაზი არონიამ კი ჩვენ ზარს უპასუხა და კომენტარისთვის მოგვიანებით დარეკვა გვთხოვა, თუმცა შემდგომ სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აღარ უპასუხა. ამ საკითხზე არონიამ კომენტარი “ტელეგრაფისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, სადაც თქვა, რომ საჯაია ვაშინგტონში მაგისტრატურის ერთწლიან კურსს გადის და „საერთაშორისო სამართალს“ ეუფლება. ‘

 

საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა ირმა ნადირაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, საჯაიას შვებულება უკვე აღებული აქვს, თუმცა ამ ცნობის პარლამენტში გადამოწმება გვირჩია. პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნიკო ნერგაძემ კი განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული დოკუმენტაციით, საჯაიას ოფიციალურად შვებულება აღებული არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი