ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძემ არ იცის, როგორ უნდა მოგვარდეს სოკუპაციო ზოლზე შექმნილი პრობლემები

23 სექტემბერი, 2013 •
ზურაბ აბაშიძემ არ იცის, როგორ უნდა მოგვარდეს სოკუპაციო ზოლზე შექმნილი პრობლემები

 

როგორც აბაშიძემ დღეს, 23 სექტემბერს ჟურნალისტის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ჯერჯერობით არ ჩანს, როგორ უნდა მოგვარდეს რუსეთთან აღნიშნული პრობლემა:

“როდესაც ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ აი, დავიწყეთ დიალოგი, ვდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს, თქვენი მხრიდან კი კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით თითქოს არის კონსტრუქციული მიდგომა, მაგრამ, ამავე დროს, ვხედავთ საპასუხო ნაბიჯებს ადმინისტრაციულ საზღვრებზე მავთულხლართების მშენებლობის სახით, მათი პასუხი ასეთია, რასაც ჩვენ არ ვეთახნმებით: “2008 წელს ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ჩვენ ვცანით ეს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ჩვენ მათთან გაფორმებული გვაქვს სხვადასხვა ხელშეკრულება, მათ შორის, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენ ამას ვაკეთებთ და ამით არანაირი საერთაშორისო ნორმა არ ირღვევაო”. აი, აქ ვუახლოვდებით იმ წითელ ხაზებს, რომელზეც ჩვენ იქ [პრაღაში აბაშიძე–კარასინის შეხვედრები] არ ვსაუბრობთ, მაგრამ რომელთა გამოც ჩვენ მოჯადოებულ წრეში ვართ მოქცეული მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა აღიარა მათი დამოუკიდებლობა. სად არის გამოსავალი? ჯერჯერობით ეს არ ჩანს. როგორ უნდა მოგვარდეს, ეს არ ჩანს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიდგეთ ჩვენს პოზიციაზე, რომ არანაირად ამას არ შევეგუებით. სხვათა შორის, როცა საუბარია, რომ აი, 200 მეტრი გადმოსწიეს, 600 მეტრი გადმოსწიეს, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ ვსაუბრობთ არა 600, 700 და 200 მეტრზე, არამედ საუაბრია 20 000 კვადრატულ კილომეტრზე. ამ ტერიტორიის მიმართ გვაქვს ჩვენ პრინციპული დამოკიდებულება და ჩვენი პოზიცია ცნობილია. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის დროს დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვარსაც კი არ სცემს პატივს, ეს აორმაგებს მათ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი