ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ათასობით ადამიანმა მიმართა საჩივრით პროკურატურას. საჩივრები ეხებოდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას, არასათანადო მოპყრობას, საპროცესო შეთანხმების ბოროტად გამოყენებას, ან პროკურერებისა და სხვა ოფიციალური პირებისგან არასათანადო და შეუფერებელ ქცევას. ჰამერბერგი წერს, რომ არის ისეთი საჩივრები, სადაც დაუსაბუთებელი ფაქტებია მოყვანილი და აუცილებელია ყველა მათგანი სათანადოდ შეისწავლონ და პასუხი გასცენ მათ.
ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში 35 მაღალი რანგის პირის მიმართ დაიწყო გამოძიება. აქედან 14 მათგანი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, 14–ს შეეფარდა გირაო და ერთი გათავისუფლდა. ერთი კი გასამართლების შემდეგ პრეზიდენტმა შიეწყალა, ხოლო ხუთმა ქვეყანა დატოვა.
“თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ვებრძოლოთ დაუსჯელობას–ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში და, ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნას სრულიად გამჭირვალე და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი მაართლმსაჯულების პროცესი”– წერია ანგარიშში.
თომას ჰამერბერგის აზრით, ხელისუფლების წინაშე რამდენიმე მწვავე საკითხია:
1. მართლმსაჯულეიბის პრინციპების დაცვით პასუხი გაეცეს ყველა საჩივარს
2. ზედმიწევნით იქნას დაცული სწორი პროცედურები დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა საქმეებში და თავიდან იქნას აცილებული პროცესის პოლიტიზება.
3. მეტი ყურადღება დაეთმოს ისეთ საქმეებს, რომელთა შემთხვევაში დაუსჯელობა საფუძველს შეურყევს სამართლიანობის განცდას საზოგადოებაში, ამასთან, დაინდოს ისინი (ნაკლებად სერიოზულ საქმეებში), ვინც მხოლოდ ბრძანება შეასრულა ან იძულებული იყო არამართლზომიერ ქმედების ჩადენაში ეთანამშრომლა.
4. მომხრეთა უმრავლესობის დარწმუნება იმაში, რომ თავი შეიკავონ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ნებისმიერი არადემოკრატიული ქმედებისგან, მათ შორის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაზე არეულობის მოწყობისგან და, ამავდროულად, გაატარონ ეფექტიანი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უშლის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.
ჰამერბერგის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების წინადადება, წამების ფაქტების განხილვაში პარლამენტის ჩართვასთან დაკავშირებით, ფორმატით “ნასწავლი გაკვეთილები”
თომას ჰამერბერგის ანგარიში ეყრდნობა 8 თვის განმავლობაში საქართველოში გახორციელებული ვიზიტების დროს მიღებულ გამოცდილებას, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები სხვადასხვა დონეზე გაიმართა.




