ახალი ამბები

გოგუაძე: კონსტანტინე გამსახურდია ჩემი მეგობარია, მაგრამ მსგავსი სურვილი თუ აქვს, არ ვიცი

21 სექტემბერი, 2013 •
გოგუაძე: კონსტანტინე გამსახურდია ჩემი მეგობარია, მაგრამ მსგავსი სურვილი თუ აქვს, არ ვიცი

“საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ინიშნება კონკურსის წესით, მანამდე  განცხადება უნდა შემოიტანოს ნებისმიერმა მსურველმა, შემდეგ კონკურსის ეტაპებია, კონსტანტინე გამსახურდიას მსგავსი სურვილი თუ აქვს, ისიც არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობარია. ერთხელ კი ვნახე, რამდენიმე დღის წინ, მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მყავდა ნანახი”–განაცხადა გოგუაძემ. 

 

მისისვე თქმით, კონსტანტინე გამსახურდიასთვის არც კონკურსში მონაწილეობა  შეუთავაზებია არც მას და არც სამეურვეო საბჭოს სხვა წევრს:

 

“მე ამ საკითხში ძალიან დელიკატური ვარ, რადგან საბჭოს თავმჯდომარე ვარ, ამიტომ მე არავისთან მოლაპარაკებებს არ ვაპირებ  და არც ვაწარმოებ, კონკურსი უნდა იყოს რეალური და არა მოჩვენებითი. საბჭოს სხვა წევრი რა მოლაპარაკებას უნდა აწარმოებდეს? რომ ხმას მისცემს არჩევნების დროს ვინმეს?  არ არიან ასეთი წევრები საბჭოში, რომ მოლაპარაკებები აწარმოონ სეპარატიულად, არავინაა მსგავს მოლაპარაკებებში შემჩნეული, რომ ვინმეს წინასწარ პირობას აძლევდეს”

 

კონსტანტინე გამსახურდიასთან მოლაპარაკებებს უარყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ ტყემალაძეც. მისივე თქმით, მას ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, მიიღებს თუ არა გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას.

 

შეგახსენებთ, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საბჭოს გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი 2013 წლის 12 სექტემბერს გამოცხადდა და განცხადებების მიღება 12 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.

 

შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი.

 

სხდომის დასრულების შემდეგ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ემზარ გოგუაძემ განაცხადა, რომ გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან ფინანსური პრობლემებისა და არხის პრიორიტეტების ინფორმაციის შესახებ არასრულყოფილი პასუხის მიღების გამო გაათავისუფლეს.

 

სამეურვეო საბჭომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თამაზ ტყემალაძის კანდიდატურა დაამტკიცა. ტყემალაძე მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო 2013 წლის აპრილიდან. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭომ მხარი 8 ხმით ერთის წინააღმდეგ დაუჭირა. საბჭოს წევრმა, ნინო დანელიამ თავი შაიკავა. 

 

გიორგი ბარათაშვილი სამეურვეო საბჭომ პირველად 6 თვის წინ გადააყენა, თუმცა იგი თბილისის საქალაქო სასამართლომ თანამდებობაზე მალევე აღადგინა.  საზოგადოებრივ მაუწყებელს 40 დღის ვადაში ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი