“სამინისტრო არ განკარგავს ამ თვითმფრინავს, თვითმფრინავის მესაკუთრეა საქართველოს ბანკი, აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირად არ ვფლობთ ინფორმაციას როდის და რატომ მოხდა წარწერის წაშლა, მესაკუთრეს როგორც უნდა, ისე განკარგავს თავის თვითმფრინავს”– განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ “რუსთავი 2″–თან საუბრისას.
დღეს, 21 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოფნისას განაცხადა, რომ თვითმფრინავიდან, რომელსაც ადრე თავად იყენებდა და ახლა მთავრობის განკარგულებაშია, წარწერა “სოხუმი” გაქრა.
“ის თვითმფრინავი, რომელზეც ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, პრეზიდენტი რატომ დაფრინავს ოფიციალურ ვიზიტებზე, შემდეგ მთავრობამ გადაიბარა და თვითონ პრემიერ–მინისტრი დაფრინავს, მაგრამ პატარა დეტალი – მე ამაზე პრეტენზია არ მაქვს, იფრინონ, მაგრამ ამ თვითმფრინავს სახელი ჰქონდა და დიდი წარწერა– სოხუმი, როგორც კი პრემიერ–მინისტრი ჩაჯდა, სიტყვა სოხუმი გაქრა. ეს არის ოფიციალური ბორტი, ეს არის სახელმწიფო სიმბოლიკა და მას დიდი დატვირთვა აქვს, როცა ხვდებიან იქ, იღებენ და ტელევიზიებში აჩვენებენ. ამის დაწერა იყო სიმბოლიკა და ამის გაქრობაც, რა თქმა უნდა, არის სიმბოლიკა. საუბედუროდ, არა მგონია, რომ ეს შემთხვევითობა იყოს. ვფიქრობ, დასაფიქრებელია, როცა ყველაფრის წაშლას ცდილობენ, მაგრამა ასეთი რაღაცების კეთებას აქვს პოლიტიკური დატვირთვა და ეს დატვირთვა, არა მგონია, რომ დადებითი იყოს”– განაცხადა სააკაშვილმა.




