“ჩვენ ავაშენეთ და თითქმის დავასრულეთ ოფიცერთა ქალაქი, შეიარაღებული ძალის ყველა ოფიცერი ამ ქალაქში, დამსახურების მიხედვით, მაგრამ საუბარია ყველაზე, ვისაც აქვს დამსახურება, იღებს ბინას. რამდენიმე ასულ ოჯახს ეს ბინა გადაეცათ, თუმცა საუბარია რამდენიმე 1000–ზე. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ეს დასაჩქარებელია, თქვენ ხედავთ, რომ პრაქტიკულად შეჩერებულია სამშენებლო სამუშაოები. ვისაც თვალები აქვს და თვალებს დაუჯერებს– აგერ არის აშენებული, ავაშენეთ ჩვენ, და იმაზე კი ნუ გვეკამათებით- არის თუ არ არის, არამედ, ყველამ ერთად დროზე დაასრულეთ. ეს რამდენიმე თის წინ, მთავრობის განკარგულებით, მთლიანად გაჩერდა, და მე მინდა მოვუწოდო პრემიერ–მინისტრს და თავდაცვის სამინისტროს- დაამთავროს ის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში რუდუნებით ვაშენებდით და გადასცეს მათ, ვისაც ეს ეკუთვნის”,– განაცხადა სააკაშვილმა.
ბინების გადაცემის საკითხზე საქართელოს პრეზიდენტმა 18 სექტემბერსაც ისაუბრა, როდესაც ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა, რომელიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად ავტოფარეხში ცხოვრობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ალექსანდრე ტუღუში 2011 წლის 8 დეკემბერს ჰელმანდის პროვინციაში, სოფელ დუაბში ქვეითი პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა. მისი თქმით, ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, ვიცე-პოლკოვნიკი თბილისში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და საცხოვრებელი ბინის არქონის გამო იძულებულია, ავტოფარეხში იცხოვროს.
მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტრომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დადანაშაულა:
“საქართველოს პრეზიდენტმა შეცდომაში შეიყვანა ქართული საზოგადოება, როდესაც განაცხადა, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ტუღუში დასაქმებული არ არის. თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ ვიცე-პოლკოვნიკ ტუღუშს ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობა უკავია და ამ პოსტზე მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს. ანაზღაურების ზუსტ ოდენობას, კონფიდენციალობიდან გამომდინარე, თავდაცვის უწყება არ აკონკრეტებს. აქვე გვინდა კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ვიცე-პოლკოვნიკს დაწერილი აქვს პატაკი ბინით უზრუნველყოფის შესახებ. ალექსანდრე ტუღუშის ბინით დაკმაყოფილების გადაწყვეტილება სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ ერთი კვირის წინ უკვე მიიღო. როგორც ყველა დაჭრილ სამხედროს, ასევე ვიცეპოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშს ბინა თბილისში გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში 2011 წელს დაიჭრა, თუმცა საბინაო ფონდში მისი შეყვანა და მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, ორი წლის შემდეგ, მხოლოდ ახლა, ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა. თავდაცვის სამინისტროში უკვე აქტიურად მოქმედებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების კომპლექსური პროგრამა. ეს სისტემა მოიცავს დაჭრილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას, მათ სამედიცინო დახმარებას, პროტეზირებას, პროფილურ დაზღვევას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. “დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების კომპლექსურ პროგრამაში” აქტიურად არიან ჩართულები თავად დაჭრილი სამხედროები; ალექსანდრე ტუღუში ამ პროგრამის ერთ-ერთი კოორდინატორია და მას ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ დაჭრილ სამხედროებთან კოორდინაცია და მათ პრობლემებზე მუშაობა ევალება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თავდაცვის უწყებამ 18 სექტემბერს გაავრცელა.




