ახალი ამბები

რატომ ამბობს საქართველო უარს საფეხბურთო ევრო 2020–ის მასპინძლობისთვის ბრძოლაზე

20 სექტემბერი, 2013 •
რატომ ამბობს საქართველო უარს საფეხბურთო ევრო 2020–ის მასპინძლობისთვის ბრძოლაზე

სფფ–ს პრესსამსახურის ცნობით, გასული კვირის განმავლობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი – რევაზ არველაძე დუბროვნიკში, უეფას წევრი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნების სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ და თბილისში დღეს, 20 სექტემბერს დაბრუნდნენ. ზემოხსენებული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის რეგიონალური პრინციპით ჩატარება და მასპინძელი ქვეყნების ქალაქების განაცხადებისა და წინადადებების მიღება იყო.

 

“აქვე გეტყვით, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველოს განაცხადი არ შეუტანია. ჩვენ ბევრი რამე გავითვალისწინეთ და, შესაბამისად, განაცხადის შეტანაზე თავი შევიკავეთ. უპირველესად, ჩვენ ანგარიში გავუწიეთ რეგიონალურ პრინციპს. ის მდგომარეობა კი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ნამდვილად არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ. აქ საუბარი მხოლოდ ერთ თამაშზე კი არა, ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე იყო. ჯგუფი კი, ეს უკვე 4 გუნდია და 6 თამაში, რასაც მინიმუმ ორი სტადიონი, 4 სავარჯიშო მოედანი და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ ადამიანური რესურსი სჭირდება. ჩვენ მხარი დავუჭირეთ რეგიონალურ პრინციპს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები მიიღებენ ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას, რადგან ბაქოში მართლა ყველაფერი მზადაა და ეს ქალაქი უმაღლეს დონეზეა განვითარებული – სტადიონები, სასტუმროები, აეროპორტი და სხვა…

 

თუმცა, ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან სხვა თემებზე იყო სერიოზული საუბარი და ალბათ, იანვარში, როცა ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, არ არის გამორიცხული, ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო და სასიხარულო სიურპრიზით დავბრუნდეთ. საუბარია საკმაოდ მაღალი დონის ერთ-ერთ ტურნირზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უეფა ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს.

 

ევრო 2020-ს რომ დავუბრუნდეთ, ამ თემაზე, ცხადია, ყველაზე დიდხანს ვიმსჯელობდით. ჩემი ვარაუდი შემიძლია გითხრათ, რომ ჩემპიონატს აუცილებლად წაიღებენ გერმანიის, თურქეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ინგლისის, ჰოლანდიის, სკანდინავიის ქვეყნებიდან ერთ-ერთისა და აზერბაიჯანის ქალაქები. ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც თავად თქვეს უარი. ჩვენს მსგავსად, ისინიც არ არიან მზად, ასეთი დონისა და მასშტაბის ტურნირის ჩასატარებლად”, – განაცხადა სიჭინავამ.

 

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის ინფორმაციით, საქართველოს 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის მოთხოვნით უეფასთვის არ მიუმართავს.

უეფას გადაწყვეტილებით, ევრო 2020 განსხვავებულ ფორმტაში ტარდება. ტრადიციულად, ერთი ან ორი ქვეყნის ნაცვლად, 13 სახელმწიფოს ქალაქი უმასპინძლებს. დღეს, 20 სექტემბერს უეფამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების და ქალაქების ჩამონათვალი, რომლებმაც ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს და ევროპის მმართველ საფეხბურთო ორგანოს შესაბამისი ოფიცილაური განაცხადითაც მიმართეს, თუმცა ასეთ 32 ქვეყანაში საქართველო არ შედის.

სომხეთი (ერევანი), აზერბაიჯანი (ბაქო), ბელარუსი (მინსკი), ბელგია (ბრიუსელი), ბულგარეთი (სოფია), ხორვატია (ზაგრები),  ჩეხეთი (პრაღა), დანია (კოპენჰაგენი), ინგლისი (ლონდონი), ფინეთი ( ჰელსინკი), საფრანგეთი (ლიონი), მაკედონია (მაკედონია), გერმანია (მიუნხენი), საბერძნეთი (ათენი), უნგრეთი (ბუდაპეშტი), ისრაელი (იერუსალემი), იტალია (რომი, მილანი), ყაზახეთი (ასტანა), ჰოლანდია (ამსტერდამი), პოლონეთი (ვარშავა, ჩორჟოვი), პორტუგალია (ლისაბონი, პორტო), ირლანდია (დუბლინი), რუმინეთი (ბუქარესტი), რუსეთი (სანკტ–პეტერბურგი), შოტლანდია (გლაზგო), სერბეთი (ბელგრადი), ესპანეთი (მადრიდი, ბარსელონა, ბილბაო, ვალენსია), შვედეთი (სოლნა), შვეიცარია (ბაზელი), თურქეთი (სტამბული), უკრაინა (კიევი, დონეცკი) და უელსი (კარდიფი) – უეფას ინფორმაციით, სწორედ ამ ქვეყნებმა და ქალაქებმა გამოთქვეს ოფიციალურად სურვილი ევრო 2020–ს მასპინძლობისთვის.

ზემოხსენებული ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2012 წელს საუბრობდა. მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად აპირებდნენ მასშტაბური საფეხბურთო ფორუმის მასპინძლობას, თუმცა მის მოსაზრებას არარეალისტურს უწოდებდნენ “ქართულ ოცნებაში”, რომელიც იმ პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური ძალა იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი